ძვირფასო კუპერ

9 აგვისტო
adrenachromedreams-twin flames

Nothing looks the same when your eyes are open

. . .

გავხსენი ბლოგი და მინდოდა დამეწერა. ავტორიზაციის გავლამდე აზრი გამეყინა. მიეკრო ტვინის შორეულ უჯრედს და ისე გაქრა თითქოს შავ ხვრელში გაუჩინდარდა. გრავიტავიას ვერ ვერევი რომ იქიდან ამოვიღო, ვერანაირ სინათლეს ვერ ჩავაღწევინე იქ დაკარგული აზრების ამოსაღებად. მე ასე მასწავლეს, რომ შავი ხვრელი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რომელიმე გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს თავის ენერგიას და მოკვდება. ალბათ ჩემ ცხოვრებაშიც ასეთი ვარსკვლავი მომიკვდა.

ძვირფასო კუპერ, ნეტა გეცალოს ჩემთვის, მაგრამ სამყარო გაქვს გადასარჩენი.

არაფერია ისეთივე, აღარც მე. გამოვიფიტე. ადამიანებმა… გამოვიფიტე.

აღარც ის ადამიანები არიან ჩემ ცხოვრებაში. გაქრნენ. გავაქრე. დროს გაყვნენ.

არც ტკივილი დამრჩა.

სინანულმაც დამტოვა.

Advertisements

მონაყოლი

23 სექ

ლახუნდარა – სოფელია იმერეთში. ზოგისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, უმეტესებოსთვის უბრალოდ კიდევ ერთი მიწის პატარა უცნობი ადგილი დედამიწაზე. სოფელი თითქმის დაცლილია. ძველები აღარ არიან, ახლები უბრალოდ არ არიან.

Lakhundara

ხედი ტყიდან…

 

ჭიჭიკო ბაბუა ჩვენი ქვედა კუთხის მეზობელია. სახლში სულ მარტო დარჩა აგერ უკვე მეორე წელია… შვილი დიდი ხანია თბილისშია, რომელსაც ყავს ოჯახი და პერიოდულად სტუმრობს ხოლმე მამას. შეხვედრისას ჭიჭიკო ყოველთვის გულთბილად მოგიკითხავს და აუცილებლად ხელს ჩამოგართმევს. თბილი ხელი აქვს, დროისგან თითები თითქმის სულ მოხრილი, მაგრამ კანი ძალიან რბილი. შენც თუ მოიკითხავ მაშინ მისი დაბალი ტემბრის წყნარ და ერთ ტონზე მჟღერ ხმას გაიგონებ:

“ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მეექვსე გოგო. აღარცერთი აღარ არის ახლა. რომ მახსენდება – მენანება. ძნელია ძალიან… ცუდი კაცმა არც უნდა იფიქრო , არც გააკეთო. მე მაგალითად ადამიანის ცუდს როგორ ვიფიქრებ? ადამიანი არის რომ უნდა იცოცხლოს! ხანდახან კი ვინატრებ სიკვდილს, მაგრამ შვილი მაინც მენანება.”

დადის ყავარჯნით, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე. აცვია ყოველთვთვის სუფთად. იმ დღეს სოფლად ბავშვის ნათლობა იყო და კოსტუმი გადმოეღო. უხდებოდა, ალბათ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზიც იქნებოდა. სამწუხაროდ არ მაქვს მის ძველი ფოტოები ნანახი. ნეტავ რა მუსიკა უყვარდა ან თუ უსმენდა საერთოდ. აი, ჩავალ ერთხელაც და გადმომილაგებს ალბათ ძველ ფოტოალბომს.

ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ ჩავედი სოფელში, მაგრამ ჭიჭიკო ბაბუასთან მაინც არ შემივლია. გუშინ ლახუნდარაში წვიმდა რომ ვტოვებდი. კიდევ ერთი ახალი წვიმა…

 

 

უსუსურობის მომენტები #2 (ძველი ალბომი)

6 აგვისტო

როცა სოფელში ხარ და გარეთაც წვიმიანი ამინდია სწორედ მაშინ უნდა გადმოიღო ძველი ალბომი. ძველი და გახუნებული არა, უბრალოდ ძველი. რამე სევდიანის ჩართვაც კი აღარაა საჭირო ისე მოდის და ცოცხლდება ემოციები ერთმანეთის მიყოლებით.
დღემდე ვფიქრობ, რატომ?!
რაც უფრო მეტს ვფიქრობ უფრო მეტად ვირევი და ვიკარგები.

ის კარგი წელი იყო. ზაფხულიც ლამაზი. მეც მიხდებოდა გრძელი თმა.
შენთან რომ მოვდიოდი ბოლოჯერ, მაშინ შევიჭერი. არ მახსოვს აბაზანიდან როგორ ამოვედი, წყალს ისევ ორთქლი ასდიოდა, ჩემ სხეულსაც. შენ წარმოგიდგენდი, მაგრამ არაფრით გამომდიოდა. თმა ყელზე მეხვეოდა და სულს მიხუთავდა. წინ მაკრატელი შევნიშნე. ფილმისათვის დადგმულ სცენას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია, რომ იქ იდო. გადავწვდი და ყოველგვარი აზრის გარეშე შევიჭერი. გამახსენდა შენ როგორ ივარცხნიდი ხოლმე საღამოობით.
ქერა თმა გქონდა როცა მე გაგიცანი. ისიც მახსოვს, როგორ არ მინდოდა თავიდან შენი მიღება. მაპატიე, თუ შეგიძლია. რამდენი უნდა მაპატიო… ძალიან მიყვარხარ. ძალიან მენატრები.
რამდენი ხანი გავიდა, შენ კი მაინც არასოდეს მოდიხარ სიზმრებში. მგონია გაბრაზებული ხარ ჩემზე. ვიცი, არც არასდროს მოხვალ.
გვიან შევნიშენე ყელზე მაკრატლის კვალი.

ახლა შენს ოთახში ვარ. თითოეულ ფოტოს იმდენ ხანს ვუყურებ, სანამ მისი ნაწილი არ ვხდები. მერე გეფერები და სხვაზე გადავდივარ. ზოგჯერ გელაპარაკები კიდეც. შენ ჩუმად მისმენ და მიღიმი. მაინც არაფერს მეუბნები. მე შენი ხმა მახსოვს. ზოგჯერ მგონია მესმის კიდეც…

ახლა ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. ცარიელია. ცარიელი ვარ მეც.
მიყვარხარ, მაპატიე.

უსუსურობის მომენტები #1

18 ივლ

ჩავეშვით…
ჩავეშვით ღრმად მოგონებებში…
მოგონებებში, რომელთაც უკვე მტვერი ადევს, მაგრამ მაინც გვახსენდება. გვახსენდება ის უსუსურობის განცდა, რომელიც ახლაც არ გვტოვებს და არც არასოდეს დაგვტოვებს…

მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლო! ადაპტაცია ადვილი არაა.

აუტანელია იმის განცდა, რომ რაღაცას ვერ შეცვლი. ვერაფრით ვერ შეცვლი. რაც არ უნდა თქვა, როგორც არ უნდა მოიქცე, მაინც ვერ შეცვლი. ეს იმდენად მწარე დანარცხებაა, რომ შეიძლება ვერც ადგე. ხვდები, რომ ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებობს და შენ ახლა იქ ხარ!
ჯოჯოხეთში ხარ!

როგორ შეძელი იმ სამოთხის დაკარგვა დღემდე ვერ ხვდები. ცდილობ გაიხსენო ის დღე, როდესაც ვაშლი ჩაკბიჩე, მაგრამ არ გახსენდება, თუმცა ვაშლი მთელი აღარაა…

ფიქრი, ფიქრი, დაუსრულებელი ფიქრი… გაგიჟებამდე აღარაფერი რჩება…
მაინც ფიქრი…

ტყეში ძალიან ცივა…

საუზმე პლუტონზე

7 ნოე

თავი მეცხრე

“ჩვენ თავს საზღვრის რაინდებს ვუწოდებთ. ჩვენში კოსმოსური დრო გრძელდება…
ფაზა, როცა ასტრალურ შოსეს ხედავ.

…მხოლოდ ერთ საზღვარს აქვს მნიშვნელობა. საზღვარი იმასთან რაც წინაა და საზღვარი იმასთან რაც უკანაა.
ჩვენ წარსულიდან მომავალში ვმოგზაურობთ მეგობართან ერთად, რომელიც უკანა სავარძელზე ზის. არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი. ჩვენ აღმოვჩნდებით ვარსკვლავებზე, გავისეირნებთ მარსზე და ვისაუზმებთ პლუტონზე. პლუტონზე, გამოუცნობ პლუტონზე, მას სახელი დაარქვა ედუარდ ჩარლზ პიკერინგმა, მიწისქვეშა სამყაროს ღმერთის პატივსაცემად.”

ნაწყვეტი ფილმიდან: 

მეტი, ვიდრე უბრალოდ წყალი

16 ივლ

 

წყალი? რა ვიცით მის შესახებ?  რომ იგი აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისათვის?.. მაგრამ იგი ასევე შეიძლება საშიშიც აღმოჩნდესჩვენთვის ჩვენთვის თუ მასში იქნება რიგი ქიმიური ნაერთებისა. სწორედ ამიტომ საჭიროა მისი გაფილტვრა და იმ სტანდარტამდე მიყვანა, რომ წყალი სასმელად ვარგისი გახდეს.

Georgian Water and Power

13 ივლისს მიწვეული აღმოვჩნდი “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” მიერ ორგანიზებულ ტურში სახელწოდებით „თბილისის წყალმომარაგების სისტემა და თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი“. მეც თავი ერინ ბროკოვიჩად წარმოვიდგინე და შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი.

მე და ტურში მონაწილე კიდევ რამდენიმე ადამიანს საშუალება მოგვეცა მოგვენახულებინა ისეთი სანიტარული ზონები, როგორიცაა – ღრმაღელეს საფილტრე სადგური, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, ნატახტრისა და საგურამოს წყალსადენები და ჟინვალის ჰიდროკომპლექსი.

ტური ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტების დათვალიერება ძალზედ საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა. ჩვენ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ხდება წყლის მიღება, დამუშავება, სასმელ წყლად გარდაქმნა და მომხმარებლამდე მიტანა. გავეცანით საფილტრე სადგურის მუშაობის სპეციფიკას, ვნახეთ თუ რა მექანიზმებით ხდება ნედლი წყლის სასმელ წყლად გარდაქმნა, როგორ იკრიბება და ნაწილდება წყალი ქალაქში, ვნახეთ სრული ტექნოლოგიურ ციკლი იმისა თუ რა გზას გადის წყალი სანამ მოვა ჩვენი სახლის ონკანებამდე.

მე - ერინ ბროკოვიჩი

მე – ერინ ბროკოვიჩი

განსაკუთრებით გამოვყოფდი სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელ ცენტრალურ ლაბორატორიას, სადაც წყალი ქალაქის მილებში გასვლამდე გადის მთელ რიგ ტექნიკურ შემოწმებებს. მახსოვს, ყველაზე ძალიან რაც ბავშვიბოდან მაინტერესებდა იყო თუ რატომ მოდიოდა ონკანიდან თეთრი ფერის წყალი და შემდეგ ჭიქაში ხდება უფერული, ყველაფერი კი მარტივად აიხსნა, როდესაც მილებში წყალი დიდი წნევით მოედინება  მას მოჰყვება ჰაერიც და ჭურჭლში მოხვედრისას კი მალევე თავისუფლდება ჰაერისგან გაზიანი წყლის პრინციპის მსგავსად. მსგავსი, შედარებიც მცირე ლაბორატორიები არის სამგორის სადგურებში, ასევე ქალაქგარეთ ბულაჩაურში, საგურამოსა და ნატახტარში. არნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი თავისი ბუნებით.

 

მისია, რომ გამეგო საიდან და რამდენად საიმედოდ ხდება თბილისის (GWP ასევე წყლით ამარაგებს რუსთავსა და მცხეთას) წყალმომარაგება, როგორ მუშავდება და იფილტრება ნედლი წყალი და იქმნება პროდუქტი – სასმელი წყალი, უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის მოხმარება ჯანმრთელობისთვის, რამდენად სანდოა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და რამდენად შეესაბამება ის მსოფლიო სტანდარტებს – შემიძლია შესრულებულად გამოვაცხადო.

ფოტოკოლაჟი ტურიდან 

C360_2014-07-13-15-50-02-093

ჟინვალის ჰიდროკომპლექსი

 

კლიენტზე ზრუნვის გარემო, ტექნიკის სახლი Okay

10 ივნ

მოგიყვებით ჩემ კონკრეტულ შემთხვევას:

ტექნიკის სახლ Okay-ს ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც მდებარეობს ქავთარაძის #1-ში ვიყიდეთ Gear 2 დეიდაშვილისთვის ისე, რომ თავსებადობა არ მქონდა შემოწმებული მის ტელეფონთან. მხოლოდ ყიდვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მის მოდელზე იგი არ მიდიოდა. მაგრამ თანხა უკვე გადახდილი იყო, საგარანტიო ხელშეკრულება გაფორმებული, სალაროში გატარებული თანხის უკან დაბრუნება კი შეუძლებელი. დღეც შაბათი დაემთხვა და რადგან როგორც ამ დღეს ხდება ხოლმე ყველაგან, მენეჯმენტის ნახევარი ისვენებს, სხვა ვერაფერი გავაკეთეთ გარდა იმისა, რომ დავწერეთ მხოლოდ განცხადება თანხის უკან დაბრუნებაზე.

ამას წინ ვუყურებდი ალექსანდრე ჯეჯელავას ძალიან საინტერესო ვიდეო ლექციას “მომხმარებლის გამოცდილება”-ზე, სადაც იგი ძალიან კარგად აღწერს:
• რა არის მომხმარებლის გამოცდილება
• რას ყიდულობს მომხმარებელი
• რა განსხვავებაა სუბიექტურ და ობიექტურ პროდუქტებს შორის

ძალიან გირჩევთ თქვენც ნახოთ

 

დღეს დილით მხვდება მესიჯი:

“Tanxis charicxva
10/06/2014
Angarishi: My Safe
Tanxa: 639.00 GEL
Gmadlobt”

okayმართლაც, კლიენტი ყიდულობს მთლიან მომსახურების გამოცდილებას, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო Okay-ს მაღაზიათა ქსელს მისი მომხმარებლის მომართ ლოიალური დამოკიდებულების გამო და განსაუთრებით იმ დღეს იქ მომუშავე პერსონალს, განსაკუთრებით ივენე ბლიაძესა და თეონა ოდიშარიას, რომლებიც ყურადღებით მოეკიდნენ კლიენტის პრობლემას.

ცოტა გრძლად კი გამომივიდა მადლობის წერილი, მაგრამ მართლა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კომპანია ყიდის არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პროდუქტს, რომელიც მის მაღაზიაშია წარმოდგენილი, არამედ ყველაფერთან ერთად კარგ მომსახურებასაც.

პატივისცემით, მარიამ იაშვილი.

 

Tbilisi Beer Fest 2013

14 ივლ

თბილისის რიგით მეოთხე ლუდის ფესტივალი

თბილისის ლუდის ფესტივალი, რომლის ჩატარებაც 2010 წლის ივლისიდან უკვე ტრადიციად იქცა წელსაც შედგა.
ოფიციალური ჰეშთეგი #tbilisibeerfest

ზაფხული, 13-14 ივლისი, ადგილი უცვლელი – ვარდების მოედანი. დადებით და უარყოფით მხარეებზე ითქვა და კიდევ ბევრს იტყვიან, მხოლოდ ერთს დავამატებ ორგანიზატორების სასარგებლოდ, რომ ყოველ წელს დავდივარ და ფესტივალი სულ უფრო კარგი ხდება ვიდრე წინა წელს იყო და იმედია ასეც გაგრძელდება.

ფესტივალის მხოლოდ პირველ დღეს დავესწარი.
სვანციხის გამოსვლის შემდეგ ჩატარდა ბლოგერების კონკურსი ლუდის სწრაფად სმაზე, რომელშიც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. წესები საკმაოდ მარტივი, ჭიქა სხვებზე მალე უნდა დაგეცალა და ცარიელი თავზე დაგედო, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლედა შენი გუნდის შემდეგ წევს საკუთარი ჭიქის აღების უფლება. გამარჯვებული იქნებოდა ის გუნდი, რომლის წევრებიც პირველები დაცლიდნენ ჭიქებს. 8 ბლოგერიდან სცენაზევე გავიყავით 2 გუნდად, ანუ თითოში 4-4-ი და დაიწყო…

ფოტო კონკურსიდან

ფოტო ბლოგერების კონკურსიდან

ასევე წესების თანახმად, თუ დალევას ვერ ასწრებდი შეგეძლო დარჩენილი ლუდი თავზე გადაგესხა და ისე დაგედო ჭიქა თავზე, ჰოდა რაც ვერ დავლიე დროის სიმცირის გამო ავდექი და თავზე დაგავივლე :3
გაიმარჯვა ჩემმა გუნდმა, სამაგიეროდ შემდეგ მთელი საღამო თმა მიბზინავდა და ლუდის სურნელი ამდიოდა.

 

წელს ასევე მომეწონა აქსესუარები და მაისურები.

  • ესეც ჩემი:
Tbilisi Beer Fest T-shirt

Tbilisi Beer Fest T-shirt

ინტერესით და სიხარულით ველოდები მომავალი წლის ბერ ფესტს 🙂

ესეც წინა ფესტივალების პატარა ფოტოკოლაჟი:

This slideshow requires JavaScript.

ორიათასცამეტი

31 დეკ

ვდგავარ ფარჯარასთან, ვფრცქვნი მანდარინს და მახსენდება, რომ რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ამ დღეს და ამ დროს გაიხსნა ეს ბლოგი…
მეღიმება და მახსენდებიან ვიღაცები…

ფანჯრის ანარეკლზე მოციმციმე შუქები თამაშობენ…
10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, !!!1!!!

Marie Santa

გაიზ, გილოცავთ 2013-ის დადგომას!

 

 

ოქტომბერი, ოქტომბერი

9 ოქტ

ირმის ნახტომმა თქვენთსვის შეაგროვა და გთავაზობთ დღის ყველაზე პოპულარული ფოტოს გაშარჟებულ ვარიანტებს:

(გასადიდებლად შეგიძლიათ დააკლიკოთ ფოტოს )

ორიგინალი

და დაიწყო…

Continue reading

ხატიპეპელა

9 ივნ

გარედან შემოსულ ხმაურზე ყურები ვცქვიტე. რამდენიმე წამი გააზრება გამიჭირდა სად ვიმყოფებოდი. შუადღის ოთხი საათი სრულდებოდა. გონს მოსასვლელად ფეხზე წამოვდექი. ოთახის ავეჯიც ჩემთან ერთად წამოიწია და ცეკვა დაიწყო. გაჩერდით, თორემ მეზობლები ამოცვივდებიან! ვისაც არ ეზარება ყველა მე მიშლის ნერვებს რა. მოცეკვავე ტუმბოზე თერმომეტრს გადავწვდი… ისევ 38.1. ამჯერად ნამდილად ვკვდები, გავიფიქრე მერამდენედ და ავწუწუნდი. თუმცა ამჯერად არ ვამეტებდი. სიცხისგან ყველაფერი მტკიოდა, ფილტვებში სიმძიმეს ვგრძნობდი, მუდმივი ხველისგან უკვე მუცელი მტკიოდა და სინათლეზე კი თვალები მეცრემლებოდა.

მეტის ღირსი ვარ. მოვინდომე ივნისში ზღვა და ოაზისი.

ჩემმა ექიმმა მითხრა თინეიჯერობის ასაკიდან არ გამოსულხარო, მე კი ამ დროს დარწმუნებული ვარ, რომ ძველ დროში ტროელი მეომარი ვიყავი. უცნაური შეთავსებაა, ღმერთმანი.

ცხოვრობს ჩემში ერთი ჭირვეული მეორე მე, რომელმაც ფრჩხილის მოტეხვისთვის შესაძლოა სამყარო გადადგას და მასთან ერთად თანაარსებობს წყნარი, რაციონალური და მშვიდი არსება, რომელიც ოცნებობს მსოფლიო მშვიდობაზე. კიდევ უფრო უცნაური შეთავსებაა, ღმერთმანი.

ჩემნაირ ქალებს ბრძოლის ველზე ნაღმის შესატანად გზავნიდნენ. შესაძლოა, მაგრამ არა ამ საუკუნეში და არა ახლა.

ზოგჯერ სიკვდილის დაუძლეველი სურვილი მეპარება ხოლმე და თავს ვერაფერს ვუხერხებ. სულების გაცვლაზე ვკითხულობდი საინტერესო წიგნს, მაგრამ ამ რეალობაში ღმერთები არ მელაპარაკებიან და ვინ ამისრულებს მსგავს სურვილს?..

ესეც მოვიდა… რა გინდა?! ხომ იცი პოსტის წერისას სხვა ადამიანებზე ფიქრი არ მიყვარს! მომშორდი, მომშორდი, მომშრდი!

დილით ჩემ ფანჯარაზე ხატიპეპელა ჩამოჯდა. ნეტავ ისვენებს თუ ამასაც ჩემი არ იყოს დღეს შუსრულდა 200 წელი.
აუ, ეს კიდევ აქაა. მომშორდი-მეთქი, ვა! არა, მაინც არ მიდის. რას გადამეკიდე ერთი ვერ გავიგე!!! თან როგორ მიყურებს. არა, ტყუილი ამბავია, ეს არსად წამსვლელი აღარაა, დღეს მაინც. სიცოცხლეს არ დაგაცდიან რა!

კარგი ბატონო, მე წავალ. თქვენ დარჩით აქ!

ხო, რაც შეეხება ჩემ ხატიპეპელას, წამლის მიღების შემდეგ ღრმა ძილში წავედი და ვეღარ გავიგე მისი ლამაზი ფრთები ქარმა წაიღო თუ თავად აათამაშა.

ჩემს სახლთან ყვითელ ვარდზე ხატიპეპელა დაესვენა და მშვიდად ელოდა ბოლოჟამს. ჩამოვუჯექი ჭირისუფალი, დიდოსტატი ჭირთათმენის და მეღირსა ფორტეპიანოს მაგიური კლავიშების კეთილხმოვანება. ეს შენ გეძღვნება ხატიპეპელა, მშვიდად გადაფარფატდი განზომილებათა გზა-ჯვარედინზე და არ დამივიწყო. მე დავრჩები და მოვუსმენ ფორტეპიანოს. გამახსენდები და გამეღიმება, დამენანები იშვიათი სიდიდისა და სილამაზის გამო. სული მომათქმევინე! ხატიპეპელა გაფრინდა…
ლელა ლაშხი

C ჰეპატიტი, “ალერსიანი მკვლელი”

15 აპრილი

28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშების თანახმად მსოფლიოში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად სავარაუდოდ 4 მილიონი ახალი შემთხვევით იზრდება. საქართველოში ინფიცირებული დაახლოებით 200 ათასი ადამიანია რაც 2-ჯერ აღემატება მსოფლიოში დაშვებულ საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მკურნალობის კურსი მათგან მხოლოდ ორი ათასს (1%) აქვს გავლილი. მსოფლიოში 200 მილიონამდე ვირუსმატარებელი ადამიანია.”
ჰეპატიტი C
საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება! დაავადების გამომწვევია C ჰეპატიტის ვირუსი – HCV. იგი  სხვა ვირუსებთან შედარებით ძალიან პატარაა.  არსებობს მისი ექვსი გენოტიპი. ვირუსი ინფიცირებული სისხლის საშუალებით ხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში და შესაბამისად აღამოჩნდება ღვიძლში, სადაც იწყებს გამრავლებას. ადამიანი კი ვირუსმატარებელი ხდება ვირუსის შეჭრის დღიდან მთელი სიცოცხლე.  ორგანიზმის იმუნური სისტემა, რომელიც რეაგირებს უცხო სხეულის შეჭრაზე ამ დროს თითქმის უძლურია, რადგან ვირუსს გააჩნია ადაპტაციის უნარი. დაავადება ორგანიზმში შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს 15–25 წლის განმავლობაშიც, ამის გამო მასალერსიანი მკვლელიუწოდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ დროული სკრინინგი, ანუ აიღოთ სისხლის ანალიზი. C ჰეპატიტის დროული გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის შანსს, დაცული იქნებით თქვენც და გარშემო მყოფნიც.
~

C ჰეპატიტის გადაცემის გზები
მისით დაინფიცირება ჰაერიდან არ ხდება, ის რაღაცასთან უნდა იყოს კავშირში. თუ ვირუსმატარებელი ადამიანის ბიოლოგიური სითხეები: სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე მოხვდება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. C ჰეპატიტის სისხლით გადაცემის დროს რისკი 100%-იანია. ამიტომ საკმაოდ საშიშია არასტერილური ან უკვე ნახმარი შპრიცის გამოყენება. სარისკოა ტატუირებისა და სტომატოლოგთან ვიზიტის დროს უკვე გამოყენებული არა მხოლოდ ნემსისა და შპრიცის ხმარება, არამედ იმავე შუშიდან ამოღებული წამალი/მელანი. შემაშფოთებელი ვითარებაა საქართველოში არსებულ სალონებში, რომელთა უმრავესობაში ან საერთოდ არ ხდება მანიკურ/პედიკურისთვის საჭირო იარაღების სტელირება და ან სწორად არ იცავენ/არ იციან სტელირებისათვის საჭირო ნორმები. ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროსაც. ვირუსი ასევე შეიძლება გადაეცეს დედიდან შვილსაც ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

C ჰეპატიტი არ გადადის ინფიცირებულთან შეხების, კოცნის, ლაპარაკის გზით! 

C ჰეპატიტის სიმპტომები
ინფექცია ორგანიზმში შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ ან ქრონიკულად. მწვავეს დროს შესაძლებელია თვითგამოჯანმრთელება. შემთხვევათა დაახლოებით 70-85% გადადის ქრონიკულში. ქრონიკული C ჰეპატიტი ხანგრძლივად მიმდინარე პროცესია. შედეგად იგი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, იმუნური სისტემა კი უტევს მათ, რაც იწვევს ანთებით პროცესს, ამიტომ ორგანიზმის წინააღმდეგობა ასევე დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. თუ არ მოხდა მისი დროული გამოვლენა დროთა განმავლობაში ყალიბდება ფიბროზი. შესაბამისად, რაც უფრო ხანდაზმულია პროცესი, ფიბროზის ხარისხიც მით მეტად მაღალია, ხოლო ფიბროზი შემდეგ შესაძლოა გადაიზარდოს ციროზში ან სულაც გამოიწვიოს კიბო.

ქრონიკული C ჰეპატიტი განვითარების პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ინფიცირებულთა 70%-ში, ამიტომ ისინი არ მიმართავენ ექიმს. დროთა განმავლობაში კი უკვე ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები: კანის სიყვითლე, მადის დაქვეითება, გულისრევა, იოლად დაღლა, ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ქვედა არეში. ხელშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლის მიღება, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა და ა.შ.

პრევენცია

  • ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციები (სისხლის გადასხმა, ინექცია, სტომატოლოგიური მომსახურება) უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • სქესობრივი კავშირის დროს გამოყენეულ იქნას დამცავი საშუალებები;
  • სილამაზის სალონებში მანიკურ/პედიკურის გასაკეთებლად ვიაროთ საკუთარი იარაღებით თუ არ ვართ დარწმუნებული მათ სტერილურობაში;
  • ტატუირების დროს გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ახალი ნემსი, არამედ მელნის სხვა კოლბაც;
  • გადავიდეთ ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებიდან სხვა არასარისკო გზებზე;
  • არ გამოვიყენოთ ისეთი ნივთები, რომლებზეც შესაძლოა დარჩენილი იყოს სხვისი სისხლის ნაწილაკები, თუნდაც ნივთს ეს ვიზუალურად არ ეტყობოდეს;

С ჰეპატიტისგან თავის დასაცავად არ არსებობს არანაირი ინექცია, როგორც ეს სხვა რიგი ვირუსების შემთხვევაშია, ამიტომ ყველა საშუალებით თავი უნდა დავიცვათ ვირუსის შემოჭრამდე.


საქართველოში არსებული ვითარება და მკურნალობის შემაფერხებელი  გარემოებები
C ჰეპატიტი ჯანდაცვის სისტემაში ისევ გადაუჭრელ საკითხად რჩება. საქართველოში ვირუსით მოზრდილი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული. ეპიდემიოლოგიური კველევების თანახმად, ინფიცირებულთა შორის უმეტესობა ინტრავენური გზით ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და ისინი 68%-ს შეადგენენ. დანარჩენი წილი სისხლის დონორებზე, ტუბერკულოზით ავადმყოფებსა მოდის. ყველაზე მცირე სქესობრივი გზით ინფიცირებულები არიან, რადგან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს დაინფიცირების შანსი საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 4%.

მკურნალობას სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს, 6 თვიდან 1 წლამდე და დამოკიდებულია როგორც ვირუსის გენოტიპზე, ასევე მკურნალობის დაწყების სტადიაზე. მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ ძვირია და საქართველოში მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს
არცერთი სადაზღვევო კომპანია არ ფარავს
.   წარუმატებლობის შემთხვევაში განმეორებითი მურნალობა უშედეგოა. ინფიცირებულთა 70-85%-ში C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებს აყალიბებს. აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 10 ათას ადამიანს უტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რაც სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ასეთი ოპერაცია ხელმისაწვდომი არაა, თუმცა სპეციატისტების მტკიცებით, ჰეპატიტი C- დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ინფიცირებულთა უმეტესობას დაავადების გართულებისგან იცავს.

C ჰეპატიტთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია
სამწუხაროა დამოკიდებულება C ჰეპატიტით დაავადებულთა მიმართ, მუდმივი დამღა – “სოციალურად უპერსპექტივო.” დაავადებულთა დისკრიმინაციის მიზეზი ძირითადად საზოგადოების არაინფორმირებულობა, არაკომპეტენტურობის გამო დუმილი, ამავე მიზეზით პრობლემის იგნორირება და შიშია იმის წინაშე, რაც გაურკვეველი და ბუნდოვანია. საბოლოოდ კი ხდება მათი დისკრიმინაცია, ანუ გარიყვა. მთელ მსოფლიოში დაუშვებელია ადამიანის რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, თუმცა ზოგჯერ მათი გამოვლინება ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ხდება.

გახსოვდეთ, C ჰეპატიტი ექვემდებარება კონტროლს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ჩაიტარეთ ტესტირება საშიში შემთხვევის შემდეგ!

 

_________________________________________________________________________________

თემასთან დაკავშირებული ბმულები:

ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი
იცოდე, შეცვალე, დაიცვავი (გვერდი ფეისბუქზე)
იუტუბის არხი
პეპატიტი C – სლაიდი


%d bloggers like this: