Archive | აგვისტო, 2011

ჯინსების თაობაზე ✈

18 აგვისტო

ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ ცხოვრებაში არსებობს ორი გზა, ერთი სწორი და მეორე მცდარი, შენ კი უნდა აირჩიო რომელი გზით წახვალ.
არჩევნის თავისუფლება, ეს ისაა, რაც ყველას გვაქვს ან უნდა გვქონდეს, ან გვგონია, რომ არ გვაქვს მაგრამ სინამდვილეში მაინც ყველას გვაქვს.


„1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართოს წინაშე წარსდგა ტერორიზმის ბრალდებით. დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო.“

დასვენების რამოდენიმე დღეს ახლა (16.08.2011) მთაში ვატარებ. გარეთ წვიმს, რის გამოც უკვე რამოდენიმე საათია შუქი არ მაქვს. საუკეთესო დროა წიგნის საკითხავად. მხოლოდ ოდნავ მბჟუტავი სანთელი და მე. მე და დათო ტურაშვილი. ისევ გადავშალე და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გადავიკითხე. ყოველი თავის შემდეგ ისევ ვფურცლავდი ბოლო გვერდებამდე და ვაკვირდები მათ ფოტოებს, თითქოს მინდოდა მათ თვალებში ამომეკითხა ის, რაც წიგნში არ წერია და ვერც ეწერება, მაგრამ ისევ არ გამომდის…
იმ დღესაც წვიმდა, თვითმფრინავის გატაცების დღეს (18.11.1983), „იყო გვიანი შემოდგომა და საქართველოს დედაქალაქში უკვე იცოდნენ, რომ ქართველმა სტუდენტებმა თვითმფრინავი ვერ გაიტაცეს…“

„სველი მიწა“.

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ დღევანდელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისევ აქტუალურია და მუდმივად კამათობენ იმაზე თუ ვინ იყვნენ სინადვილესში, უბრალოდ გამტაცებლები, ტერორისტები თუ გმირები, რომელთაც თავი გასწირეს, რათა საბჭოთა ხელისუფლებას დაპირისპირებოდნენ.
მაშინაც და ალბათ ახლაც ხალხის აზრი ისევ ორადაა გაყოფილი. არ ვიცი თქვენ რა აზრის ხართ, მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი განზრახვა, იქნებოდა ეს მხოლოდ ამერიკაში გაქცევა თუ პროტესტი, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მაინც „ჩვეულებრივი“ ადამიანები იყვნენ, რომელთაც თავისუფლება უნდოდათ, თუმცა „სიკვდილამდე სიკვდილის დაჯერება მაინც ძნელია“.

მათ გააკეთეს თავიანთი არჩევანი, ისინი „ჯინსების თაობა“ იყვნენ, „მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ…“

ნაწყვეტი ირაკლი ჩარკვიანის დაკითხვიდან

Advertisements

უსუსურობის მომენტები #2 (ძველი ალბომი)

6 აგვისტო

როცა სოფელში ხარ და გარეთაც წვიმიანი ამინდია სწორედ მაშინ უნდა გადმოიღო ძველი ალბომი. ძველი და გახუნებული არა, უბრალოდ ძველი. რამე სევდიანის ჩართვაც კი აღარაა საჭირო ისე მოდის და ცოცხლდება ემოციები ერთმანეთის მიყოლებით.
დღემდე ვფიქრობ, რატომ?!
რაც უფრო მეტს ვფიქრობ უფრო მეტად ვირევი და ვიკარგები.

ის კარგი წელი იყო. ზაფხულიც ლამაზი. მეც მიხდებოდა გრძელი თმა.
შენთან რომ მოვდიოდი ბოლოჯერ, მაშინ შევიჭერი. არ მახსოვს აბაზანიდან როგორ ამოვედი, წყალს ისევ ორთქლი ასდიოდა, ჩემ სხეულსაც. შენ წარმოგიდგენდი, მაგრამ არაფრით გამომდიოდა. თმა ყელზე მეხვეოდა და სულს მიხუთავდა. წინ მაკრატელი შევნიშნე. ფილმისათვის დადგმულ სცენას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია, რომ იქ იდო. გადავწვდი და ყოველგვარი აზრის გარეშე შევიჭერი. გამახსენდა შენ როგორ ივარცხნიდი ხოლმე საღამოობით.
ქერა თმა გქონდა როცა მე გაგიცანი. ისიც მახსოვს, როგორ არ მინდოდა თავიდან შენი მიღება. მაპატიე, თუ შეგიძლია. რამდენი უნდა მაპატიო… ძალიან მიყვარხარ. ძალიან მენატრები.
რამდენი ხანი გავიდა, შენ კი მაინც არასოდეს მოდიხარ სიზმრებში. მგონია გაბრაზებული ხარ ჩემზე. ვიცი, არც არასდროს მოხვალ.
გვიან შევნიშენე ყელზე მაკრატლის კვალი.

ახლა შენს ოთახში ვარ. თითოეულ ფოტოს იმდენ ხანს ვუყურებ, სანამ მისი ნაწილი არ ვხდები. მერე გეფერები და სხვაზე გადავდივარ. ზოგჯერ გელაპარაკები კიდეც. შენ ჩუმად მისმენ და მიღიმი. მაინც არაფერს მეუბნები. მე შენი ხმა მახსოვს. ზოგჯერ მგონია მესმის კიდეც…

ახლა ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. ცარიელია. ცარიელი ვარ მეც.
მიყვარხარ, მაპატიე.

%d bloggers like this: