Archive | იანვარი, 2011

სასჯელის განსაკუთრებული (უმაღლესი) ზომა

29 იან

შეიძლება გონებაში 2 ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი ერთმანეთს ერთმანეთს შეეჯახოს? თუ ეს მხოლოდ გრძნობათა თამაშია?..

სიკვდილით დასჯა სხვაა და კაცის კვლა სხვა?

“ტრადიციულად, ადამიანის საერთაშორისო უფლებები აღიარებს სახელმწიფოების უფლებას გამოიყენოს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, გარკვეული დანაშაულებისთვის. თუმცა ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. მეოცე საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში.”

მეექვსე მცნება. არა კაც-ჰკლა.

“მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება, ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს. ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადადის. დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგანაც ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, – გვარიგებს წმიდა ბასილი დიდი, – მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ჰუმანურ სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.”

სიკვდილით დასჯა სხვაა და კაცის კვლა სხვა?

როგორ წყვეტენ ვინ არის მეორე შანსის ღირსი და ვინ არა.

როგორ შეიძლება არ გრძნობდე პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შენს გარშემო ხდება.

ყველაფრის მიტევება შეიძლება?!

როდესაც ხარ ადამინი, როგორ უნდა ფიქრობდე, რომ ვინმე სიკვდილით დასჯის ღირსია.

თუმცა დედემიწაზე სამართალი და სამართლიანობა განსხვავებული ცნებებია.

ძალიან ხშირად მიჩნდება კითხვა, თუ ადამიანის მკვლელობა სიკვდილით უნდა ისჯებოდეს, ჩვენც ხომ მკვლელები გამოვდივართ, რადგან ამას ვეთანხმებით და ასე დაუსრულებლად  ვეჩხუბები ჩემ თავს ამ საკითხზე, მაგრამ პასუხამდე მაინც ვერასდეს მივედი. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხელით მოვკლავ მას, ვინც ასეთ ტკივილს განმაცდევინებს. “თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ?” ყველა რომ ასე მოვიქცეთ, იქნებ სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, სულ გაქრეს, ან იქნებ გადავრჩეთ და უკეთესი, უფრო ლამაზი სამყარო დარჩეს, მათგან ცარიელი, ვისი ხელებიც სისხლითაა დასვრილი. ნუთუ არ შეიძლება, რომ ვინმემ მეექვსე მცნება (არა კაც-ჰკლა) ისე გაიგოს, როგორც – არაკაცი მოჰკალიო და მანაც მოკლას ყველა, ვინც ამის ღირსია. მერე ჩვენ ყველამ (თუ ვინმე დავრჩით) იმ ერთს ვაპატიოთ და ვიცხოვროთ ასე მშვიდად. მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მიჩნდება კითხვა, ვინ წყვეტს ვინაა სიკვდილის ღირსი?!

როგორც ყოველთვის, ამ პოსტითაც კიდევ ერთხელ მოვედი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში, რადგან ისევ გავიფიქრე, რომ მაინც ვამჯობინებდი, რომ მოკვდეს ერთი 10 კაცის მკვლელი, ვიდრე მან კიდევ თუნდაც ერთი ადამიანი მოკლა მოასწროს, სანამ აქ სხვები კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობენ. ყოველი კამათისას უფრო ვეფლობი ამ რუტინაში და ვერ ვიმიგია სადაა სამართალი.

ალბათ პასუხს მაშინ მივიღებთ, როცა რეალურად, ცხოვრებაში ამ არჩევანის წინაშე დავდგებით.

ახლახანს გავიგე ფრაზა – განთიადზე დიდი იმედი არ არსებობსო და ამით დავასრულებ.

Advertisements

5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

27 იან

ნათიამ დამTAGა და მეც ვემორჩილები. უნდა ჩამოვთვალო 5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემნაირი არასტაბილური ადამიანისთვის 5 ძალიან ცოტაა, ამიტომ მხოლოდ იმათ დავასახელებ, რომლებიც ახლა ამომიტივტივდება გონებაში.

1.ყავა. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემი ყოველი დილა იწყება ყავით. ყავით თუ გამიტუებ დილით საწოლიდან, თორემ ისე ამდგომი არ ვარ! მეტსახელიც კი მქონდა ერთ დროს  COFFEE. მოკლედ, ჩემი გულის მოგება თუ გინდათ ყავა უნდა მომიდუღოთ (შაქარი – 1 კოვზი).

2.ძილი. ოღონდ დღე. ღამე ვერ დამაწვენთ, დილით კი საწოლიდან ვერ ამწიწკნით. რამოდენიმე დღის უძინარიც რომ ვიყო, ღამე მაინც ვერ (თუ არ) დავიძინებ ალბათ. დამამშვიდებელი აბებიც კი დამილევია ამის გამოსასწორებლად, მაგრამ რა, კამფეტებივით ვყლაპავ და შედეგი არანაირი.

My Art

3. ფოტოების გადაღება. როგორ მიყვარს ფოტოების გადაღება! ყველგან და ყოველთვის მზად ვარ. თუნდაც საშინელ ხასიათზე ვიყო ან საერთოდაც ისტერიკა მქონდეს. როდესაც კამერის ობიექტივი მიყურებს წამიერად ვმშვიდდები. მილიონზე მეტი ფოტო მექნება ალბათ მხოლოდ ჩემი. ასევე მიყვარს როცა თვითონ ვიღებ. ამჟამად შავ-თეთრი ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული.
4. ნოემბერი და რიცხვი 11. ყოველ ნოემბერს თავიდან ვიბადები. 11 რატომ და ნოემბერი მეთერთმეტე თვეა, ჰოდა მეც მეთერთმეტე თვეს ვარ დაბადებული. უფრო მეტიც, მეთერთმეტე თვის, მეთერთმეტე დღეს. როგორ არ მიყვარდეს აბა? და თქვენც უნდა გიყვარდეთ!
5. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ჭკუა მეკეტება! (კიდევ 1 მინიშნება ჩემი გულის მოსაგებად). მათში ფული არასოდეს მენანება. კედები რომ მეცვას, შეიძლბება ფეხი გადამიბრუნდეს (შეიძლება რა, გადამბრუნებია კიდევაც), ჰილებზე არასოდეს! ყველგან შემიძლია ჩავიცვა! მთაშიც, ბარშიც, ტყეშიც, ღრეშიც, დარშიც და ავდარშიც! რამდენიც არ უნდა მქონდეს, ალბათ არასოდეს იქნება საკმარისი ჩემი გულის გასახარად. როცა მათ ვხედავ, გულიც კი მიჩქარდება. მათ არასოდეს დავშორდები! აი, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული!

P.S. ხომ ხედავ ნათ, 1 წელი არ დამჭირდა, მხოლოდ 1 დღის დაგვიანებით დავწერე.

ირმის ნახტომი

27 იან

ირმის ნახტომი არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი.

რატომ ირმის ნახტომი?

გალაქტიკა ყოველთვის მიზიდავდა. რაღაც ამოუცნობი მითრევს ცისკენ და მეც მივფრინავ. სიზმრებშიც ძალიან ხშირად მიფრენია. საოცარი გრძნობა.

ირმის ნახტომი სხვადასხვა ენაზე

  • არაბ. درب التبانة‎‎ (დარბ ალ-თაბანა) ნიშნავს „რძიან გზას“.
  • ბას. Esne bidea, ლათინურიდან.
  • ბერძნ. Γαλαξίας κύκλος (გალაქსიას კიკლოს) „რძიანი რკალი“, მითიდან.
  • ბოსნ. Mliječni Put, „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • ბულგ. Млечен Път, „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • გერმ. Milchstraße „რძიანი გზა“.
  • დან. Mælkevejen „რძიანი გზა“.
  • ებრ. שביל החלב „რძიანი გზა“.
  • ესპ. Via láctea „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • ესპ. Camino de Santiago „სანტიეგოს გზა“.
  • ესტ. Linnutee „ჩიტების გზა“, მითიდან.
  • ვიეტ. Ngân Hà „ვერცხლის მდინარე“, თარგმნილია ჩინურიდან.
  • თურქ. Samanyolu „ჩალის გზა“
  • იაპონ. 天の川 (ამანოგავა) „სამოთხის მდინარე“
  • ინგლ. Milky Way, „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • ინდო. Bima Sakti „ჯადოსნური ბიმა“, ეპიკური პოემის მაჰაბჰარატას გმირი.
  • ირლანდ. Bealach na Bó Finne, „პატიოსანი ძროხის გზა“, ან Slabhbra Luigh, „ლუგის ჯაჭვი“
  • ისლ. Vetrarbrautin „ზამთრის გზა.“
  • იტალ. Via Lattea „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • კატ. Via Làctia „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • კატ. Camí de Sant Jaume, „სანტიეგოსკენ მიმავალი გზა“.
  • კორ. 은하 (ეუნჰა) „ვერცხლის მდინარე“, ჩინურიდან, ან „미리내“ (მირინაე) წმინდა კორეულზე. ირმის ნახტომს სპეციფიკურად უწოდებენ 우리 은하 (ური ეუნჰა) „ჩვენი გალაქტიკა“.
  • ლათ. Via Lactea „რძიანი გზა“, თარგმნილია ბერძნულიდან.
  • ლატვ. Putnu Ceļš „ჩიტების გზა“
  • ლიტვ. Paukščių Takas „ჩიტების გზა“
  • მალ. Bima Sakti „ჯადოსნური ბიმა“, ეპიკური პოემის მაჰაბჰარატას გმირი.
  • მალტ. It-triq ta’ Sant’ Anna „წმინდა ანას გზა“
  • ნიდერლ. Melkweg „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • ნორვ. Melkeveien „რძიანი გზა“ (Bokmål, მოდის დანიურიდან)
  • ნორვ. Vinterbrauta „ზამთრის გზა“ (Nynorsk, ისლანდიურიდან გამომდინარე)
  • პოლ. Droga Mleczna „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • პორტ. Estrada de Santiago, „სანტიაგოს გზა“ (გამოიყენება მარტო ევროპულ პორტუგალიურში)
  • პორტ. Via Láctea „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • რუმ. Calea Lactee „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • რუს. Млечный путь „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • სერბ. Mlečni put „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • სერბ. Млечни пут „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • სლოვაკ. Mliečna dráha „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • სლოვენ. Rimska cesta „რომის გზა“, რადგან პილიგრიმები მიყვებოდნენ მას, როდესაც რომისკენ მიემგზავრებოდნენ.
  • ჩეხ. Mléčná dráha „რძიანი გზა“, თარგმნილია ბერძნული, ან ლათინურიდან.
  • სომხ. Յարդ զողի Ճանապարհ (ჲარდ გოღი ჭანაპარჰ) „ჩალის ქურდის გზა“, მოდის მითიდან.
  • ტაი ทางช้างเผือก „თეთრი სპილოს გზა“.
  • უელს. Llwybr Llaethog „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან.
  • უკრ. Чумацький шлях „ჩუმაკის გზა“.
  • უნგრ. Hadak Útja „მეომართა გზა“, მითიდან. თუმცა ეს ისტორიული სახელწოდებაა, ახლა ის ცნობილია, როგორც Tejút, ნიშნავს „რძიან გზას“.
  • ფარ. Vetrarbreytin „ზამთრის გზა“.
  • ფინ. Linnunrata „ჩიტების გზა“, მითიდან.
  • ფრანგ. La voie lactée „რძიანი გზა“.
  • ქართ. ირმის ნახტომი
  • შვედ. Vintergatan „ზამთრის ქუჩა“, რადგან ის სკანდინავიის ზამთარს უკეთ ჩანს და ჰგავს დათოვლილ ქუჩას.
  • ჩერ. ᎩᎵ ᎤᎵᏒᏍᏓᏅᏱ (გილი ულისვსდანი) „გზა, სადაც ძაღლი გაიქცა“, მითიდან.
  • ჩინ. 銀河 „ვერცხლის მდინარე“.
  • ხორ. Mliječni Put „რძიანი გზა“, თარგმნილია ლათინურიდან. ტრადიციულად უწოდებენ Kumova Slama „მამაღმერთის ჩალა“
  • ჰინ. आकाशगंगा (აკაშაგანგა) „სამოთხის განგი“, მითიდან.

‎”ირმის ნახტომის” გარდა მე ყველაზე მეტად მომწონს “ჩიტების გზა” და “ვერცხლის მდინარე”. ზამთარზეც კარგი ინტერპრეტაციებია, მაგრამ გალაქტიკისთვის მხოლოდ ზამთარი არ მხიბლავს…

ჰედერი ასეო, ჰედერი ისეო

27 იან

 აი, მიილია ეს საახალწო დღეებიც, ჩემი ტირილისა და მუდარის მიუხედავად ნაძვის ხეც აიღეს, მე კი ჰედერი მაქვს შესაცვლელი… ოოოო, როგორ არ მინდა! ისე მომწონდა ჩემი საახალწლო ჰედერი. ეს საახალწლო განწყობაც რომ ჯერ კიდევ ვერ მოვიშორე. თან 2 დღის წინ კოლმეურნებაზე ჯერ კიდევ შევამჩნიე ერთი ცნობილი ბრენდის, ცნობილი რეკლამის აბრა, აგერ უკვე წლებია ყველასთვის ცნობილი ადგილიდან მათი ცნობილი თოვლის ბაბუა მიყურებდა, ჰოდა გადავწყვიტე, რომ ეს კარგი მიზეზი იყო და მეც ჰედერის შეცვლა რამოდენიმე დღით გადავდე.

დღეს ადრე გავიღვიძე, ჩემი ლამაზი თვალები გავახილე და აღმოვაჩინე, რომ საახალწლო განწყობა გვერდით აღარ მეწვა. მობილურს ვეცი და სასწრაფოდ მისი ნომერი (2011) ავკრიფე, მაგრამ მხოლოდ გაურკვეველი სიჩუმე მივიღე. ამ სიჩუმეში სხვა ხმა ჩამესმა, რომელიც ამბობდა, რომ რამდენიც არ უნდა აბაკუნო შენი ლამაზი ფეხები, დრო მაინც არ დაგელოდებაო. კალენდარს დავხედე და იანვარიც ასე უთოვლოდ მეპარებოდა. საშინლად გავბრაზდი! ეგრე არ უნდა მეთქი და ლეპტოპი ჩავრთე ჰედერის შესაცვლელად!

ინებეთ ბატონო!

პანორამა

 ეს არის რძიანი გზის (ირმის ნახტომი) 360 გრადუსიანი ღამის ცის პაორამული ხედი, ESO-ს ყველაზე დიდი ტელესკოპის, Paranal პლატფორმის თავზე. სურათი გაკეთებული იყო 37 ინდივიდუალური კონსტრუქციით.

ზიგზაგი

25 იან

ზიგზაგი არის სიტუაცია, როდესაც აცდები დადგენილ რუტინას, გზას, ცხოვრების წესს. მაგალითად, თუ სულ დგები 8 საათზე, ზიგზაგის დროს უნდა ადგე 6-ზე, თუ ყოველ დილით სვამ ყავას, ზიგზაგის დროს უნდა სვა ჩაი და ა.შ.”

  1. ძალიან ჩვეულებრივად გავიღვიძე, თითქოს არც არაფერს ვაპირებდი, მაგრამ სახლიდან ფეხი გავდგი თუ არა, აღმოვაჩინე, რომ ლიფტი გაფუჭებული იყო. მომიწია მეექვსე სართულიდან ფეხით ჩასვლა, რაც ჩემთვის გლობალურ კატასტროფასთან ასოცირდება, იმის გათვალისწინებით, რომ მერვედან (იქ ჩემი ტყუპები ცხოვრობენ) მეექვსეზეც კი ფეხით არ ჩამოვალ, თუნდაც ლიფტს საათი ველოდო.
  2. გზაში (გამოცდაზე მივდიოდი და იმიტომ ვიკადრე ფეხით ჩამოსვალა) ჯგუფელმა მომწერა დღეს გამოცდა არ იქნებაო. რომ გითხრათ ძალიან მეწყინათქო (მიუხედავად იმისა, რომ უკვე გარეთ ვიყავი), მოგატყუებთ. მე კი ტყუილები ძალიან, ძალიან არ მიყვარს (იმდენი ჩემ თავს რა ვუთხარი რაც ეს სიმართლე იყოს).
  3. სახლში დაბრუნება გადავწყვიტე და უკვე უკანა გზაზე აღმოვაჩინე, რომ გასაღები დამრჩენოდა (ეს კიდევ რა არის, საფულე იმ სიხშირით მრჩება ყველგან, რა სიხშირითაც შუქნიშანზე წითელი ინთება)

ეს სამი მიზეზი უკვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ზეციური ნიშანი მიმეღო და გადავწყვიტე მთელი ეს დღე ის მეკეთებინა, რასაც სულ არ ვაპირებდი.

ქვემოთ წარმოგიდგენთ სადამდე მეყო ნერვი:

დავხუჭე თვალი (ცალი) და გავაჩერე პირველივე ტრანსპორტი. ასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ვიჯექი #192-ში სამარშრუტო ტაქსში, რომლის ღირებულებაც 50 თ. გახლდათ (ეს ისე). სანამ ჩემს ფლეილისტში ქოლდფლეის ევანესენსი შეცვლიდა, უკვე რაღაც უცხო უბანში გადავუხვიეთ. ფანჯრიდან ერთ-ერთ მაღაზიასთან ძალიან ლამაზი და ფუმფულა ფისო დავინახე (კატებზე მეკეტება), ჰოდა სასწრაფოდ მოვითხოვე გაჩერება და ჩამოვედი, თან საოცრად მწყუროდა (დღეს ცხელოდა). ლიკანი ვიყიდე, ცოტა კატას ვეთამაშე და მობილურმაც დაიწკრიალა. -ალო, როგორ ხარ? ბლა, ბლა, ბლა… არა, მართლა? მატყუებ! ბლა, ბლა, ბლა… კაი, მოვალ. გათიშვიდან 2 წუთში მივხვდი, არ წავიდოდი. ფეხით ვიწანწალეთ მე და ფისომ იმ უბანში. რაღაცნაირი საყვარელი უბანი იყო. ცოტა გვიან იმ  სპორტდარბაზშიც შევიარე, სადაც შარშან ამ დროს დავდიოდი და ვერ გავიგე რატომ მივატოვე. გადავწყვიტე ისევ დამეწყო, ოღონდ ამჯერად აუზზე სიარული ვარჩიე, ჰოდა ჩემს ბიძაშვილს დავურეკე, რადგან ვიცოდი, ის დადიოდა სადღაც კოსტავაზე. აღმოჩნდა, რომ სწორედ დღეს მიდიოდა (აი, რაღაცა თუ არ არსებობს რა). პეკინზე შეხვედრაზე შევთანხმდით. სანამ მოვიდოდა ერთ-ერთ მაღაზიაში ლამაზი შარფი ვიყიდე. ლუკაც მალე მოვიდა. მივყევი და მომეწონა. იქიდან გამოსულებმა (7 სთ.) აღმოვაჩინეთ, რომ დაღამებულა და აცივებულა. სახლში წასვლის აზრმა გამიელვა და რა იქნებოდა მთელი ეს დღე თუ ავტობუსით არ დავბრუნდებოდი! ბილეთიც კი ჩემი ხელით ავიღე (თითზე ჩამოსათვლელია ის შემთხვევები, როდესაც ავტობუსში ავდივარ და მაინც ის აპარატი სულ ჩემზე ჭედავს).

მოვედი და ლიფტი ისევ გაფუჩებული დამხვდა. ფეხით ამოსვლისას გავიფიქრე, იქნებ ლეპტოპიც არ ჩამერთო დღესთქო. მთელი 6 სართული ვფიქრობდი… ოთახში შესვლისას პირველი მზერა მაშინვე საწოლისკენ გავაპარე, სადაც დილით დატოვებული მეგულებოდა… დანარჩენს თვითონაც მიხვდებით…

იმის ნახევარი, ვიდრე ერთად იყავით

23 იან

ნეტა რამდენი ხნის მერე ეგუები იმ ადამიანის გარეშე ცხოვრებას, რომელთან ერთადაც ყოველდღე იყავი. სადღაც გავიგე, წავიკითხე თუ მითხრეს, იმის ნახევარი დრო უნდა გავიდეს ვიდრე ერთად იყავითო.

მართალია ვითომ? მგონი უფრო ორი იმდენი, რამდენიც ერთად იყავით. ან იქნებ ამას ვერ გამოთვლი. ექსელი მაინც ვერ დაგვეხმარება ვითომ? ის ხომ ყველაფერს ითვლის. შეუძლებელია არ ჰქონდეს ასეთი ფუნქცია! ერთი გულმოდგინედ უნდა დავათვალიერო. დილის მესიჯებს კი გუგლის კალენდარიც თავისუფლად შეითვისებს!

თუმცა ძველი მდგომარეობიდან ისე არაფერს გამოჰყავხარ, როგორც ახალ ურთიერთობებს.

 

ტკივილი

20 იან

დიდი ხანია მივხვდი, რომ ჩემი გული სხეულისგან ცალკე იყო. თავიდან არაფრის შეცვლა მინდოდა. შემდეგ, როცა უკვე ნათლად გავაცნობიერე, რომ ნელ-ნელა ვეფლობოდი მარტოობის ჭაობში, გამოსვლა ვეღარ შევძელი და ახლოს არც არავინ დავიტოვე რომ ეშველა.

ტკივილის წარმოდგენა შეუძლებელია თუ იგი მწარედ არ გიგრძვნია საკუთარ თავზე და არ აქვს მნიშვნელობა იქნება ის სულიერი თუ ფიზიკური.

არის ისეთი ტკივილი, რომელსაც საავადმყოფოში ვერ მოირჩენ, ამიტომ ისინი, ვინც განიცდიან ასეთ ტკივილს აკეთებენ ყველაფერ შესაძლებელს, რომ საკუთარი თავი განკურნონ. ერთნი მარტოობის ტკივილს ახალი მეგობრების გაჩენით იშუშებენ, მეორენი თვალს უფრო ღრმად ხუჭავენ, რათა გათავისუფლდნენ სინდისის წუხილისგან, ზოგიერთნი კი უფრო და უფრო მეტი ფულის ხარჯვით ცდილობენ დანაკლისი აინაზღაურონ, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის იქნებიან ისეთები, რომლებისაც არ შეუძლიათ თავის განკურნება, რადგან ხვდებიან, რომ ეს გამოიწვევს უფრო მეტ ტკივილს და ამიტომ ურჩევნიათ იმ ტკივილთან ერთად იცხოვრონ, რომელსაც უკვე ასე მიეჩვივნენ.

იქ, დიდ და ლამაზ სავაჭრო ცენტრში მივხვდი, რომ არ შემიძლია ყოველ მომღიმარ სახეში საკუთარი თავი ვეძებო.

ბედნიერება, ეს ისაა რაც ყველას გვინდა და რასაც გამუდმებით ვეძებთ. პატარა ბავშვები პოულობენ მას შოკოლადის გემოში, მოდის მოყვარული გოგოები ახალ ტანსაცმელში, თინეიჯერი ბიჭები იღებენ მას ლამაზ გოგოებთან ურთიერთობით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აბედნიერებთ. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი. ეს პატიმრობაზე უარესია, რადგან იცი, რომ ეს ტანჯვა არასდროს დასრულდება, სანამ საკუთარ თავს არ იპოვი და შეცდომებს არ აპატიებ. ამის გაკეთებლად მხოლოდ ოთახიდან უნდა გამოხვიდე, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როცა კარი ჩარაზულია და გასაღები არ გაქვს.

მიწისძვრა დღეს

19 იან

როგორც უკვე ყველა გაიგებდით ან შეიგრძნობდით დღეს საქართველოში მიწისვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ვანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მე-18 კილომეტრზე, საირმიდან კი მე-7 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე დაახლოებით 5.8 ბალს აღწევდა. სეისმოლოგიის ცენტრმა  განაცხადა, რომ  მიწისძვრა 1 საათის განმავლობაში უკვე 4-ჯერ დაფიქსირდა, ვინაიდან ეს ძლიერი მიწისძვრის შემდგომ თანმდევი პროცესია. პირველი  მიწისძვრა დაახლოებით 13:17 წუთზე დაფიქსირდა და ის იყო 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის, შემდეგ 13:51 წუთზე – 14.2 მაგნიტუდის სიმძლავრის და ბოლო – 14:3 წუთზე 4.1 მაგნიდუდის სიმძლავრის. ჯერ-ჯერობით მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა ადგილზე არ მოჰყოლია და ადგილობრივ მოსახლეობაში არ არიან დაშავაბულები.

თეა გოდოლაძის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე) განცხადებით იგი განეკუთვნებოდა საშუალო სიძლიერის მიწისძვრებს, მაგრამ იგი ლოკალურად იგრძნობოდა საკმაოდ ძლიერად და ამჯერად იგი 2002 წლის მიწისძვრაზე უფრო ძლიერი იყო.  სეისმოლოგიის ცენტრის თხოვნაა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ვისაც ინტერნეტთან ხელი მიუწვდება, შეავსოს კითხვარი, რომლის მიხედვითაც უფრო ადვილად დადგინდება რა იყო მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები. თავად სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლები კი გაემგზავრებიან ქუთაისში რათა 2 კვირის განმავლობაში ადგილზე, უფრო დაწვრილებით შეისწავლონ ყველაფერი.

სიმშვიდეა თბილისში. აქ მიწისქვეშა ბიძგები ნაკლებად საგრძნობი იყო და საგანგებო სიტუაციების სამსახურს გამოძახებები არ ჰქონიათ.

ეს ბოლო დროს დაფიქსირებული მიწისძვრებია.

მეექვსე განყოფილება

15 იან

წაკითხვამდე რამე ჩართე

მე აქ ვერ გამაჩერებთ. თითქმის ჯანმრთელი ვარ, ტკივილგამაყუჩებლებს აღარ ვსვამ, ჰალუცინაციები აღარ მაქვს, თავი მტკივა, მაგრამ ვუძლებ. მომენატრებით. თანაც მინდა რაც შეიძლება მალე მომენატროთ. ყველა მიჩიჩინებდა გიჟი ხარო და დავიჯერე. მერე რა თუ ვიკოდინს ძალიან ხშირად მოვიხმარდი და არავის ვუჯერებდი. ძილის პრობლემები არ მქონდა, საერთოდ არ მქონდა პრობლემები გარდა უზომო ნარცისიზმისა და ანტისოციალური ქცევისა. გეტყოდით გრძელვადიანი მკურნალუბა და ჯგუფური ფსიქოთერაპია სადაც უნდა წაგეღოთ, მაგრამ ხომ ხედავთ, თავს ვიკავებ, ე.ი. კარგად ვარ. საერთოდაც, გადავწყვიტე ასტრონავტი გავხდე. ეს ახალი ტიპის მკურნალობაა? შანტაჟით?! რა უნდა გავაკეთო? რამდენ ხანს ვიქნები აქ? მე მაქვს მიზანი! მოდით, დავიწყოთ მკურნალობა. აბა, რა უნდა გავაკეთო? შემიძლია ნაძალადევად ვიღიმო და კარგი გოგოს როლი ვითამაშო. ესკორტი არ მჭირდება, ხელი გამიშვით! ესენი მე მასწავლიან რა არის მანიაკალური დეპრესია, როცა თვითონ შემიძლია ამაზე ერთი-ორი წიგნი დავწერო. წამლებზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ წამლების ყლაპვა აღარ მინდა, რადგან სრულიად ჯანმრთელი ვარ! არანაირი წამლები არ მჭრდება. წამლებს რომ ვსვამ, ყველაფერი შენელებულია. სწორედ ესაა პრობლემა. არანაირ წამლებს არ მივიღებ! ესენი მეუბნებიან შენი ტვინი მეტისმეტად სწრაფად მუშაობსო. ბარემ  ეთიოპიელ მორბენლებს უთხრან, მეტისმეტად სწრაფად დარბიხართო. (ჩემი მინი ბარი რატომაა ცარიელი?). ნეტა ის მორბენლები სიგრძეზეც კარგად ხტებიან? მაგ სპორტს განვითარება სჭირდება, თორემ 20 წელია ერთი რეკორდი აქვთ. მე თუ მკითხავ, სანამ ფეხებით დაეშვებიან თავი წინ უნდა წასწიონ, ასე ცოტათი მაინც უფრო შორს გაფრინდებიან და რეკორდია. თავი მტკივა! როდის მეღირსება სიმშვიდე?! სახელის დამახსოვრებით ნუ შეწუხდებით, აქ გავლით ვარ და არ მინდა მერე ვინმეს გული ეტკინოს. არ შეიძლება გარეთ გავიდე? არა, კლაუსტროფობია არ მჭირს (ფანქარი აიღეთ და რომ ყველაფერი ჩაიწერეთ). პარანოიდი არ ვარ (ცარციც არაა?). ხატვითი თერაპია, აი რამ შეიძლება მიგიყვანის პარანოიამდე. თვითმკვლელობა ტაბუა? ესეც გადავაგოროთ. არ ვარ ჯიუტი პაციენტი. უბრალოდ აქედან წასვლა მინდა. აქ არავის არ ვუყვარვარ. მზეც არ ჩანს. კლაუსტროფობია არ მჭირს (უბრალოდ კიდევ დავაზუსტებ). CIA-ის სატელიტები მე არ მიყურებენ, რადგან ვარდისფერი მაცვია (That was easy). ზოგჯერ მგონია, რომ გოგო ვარ (არადა გოგო ვარ) და ეს შარვალი მასუქებს. ძალიან დამწყდა გული როცა სასწრაფოში გონს მოვედი და მივხვდი ცოცხალი ვიყავი. უჰუუ, არის, 2:0 კარგი ბიჭების სასარგებლოდ. ზევით რატომ ვერ ავალ? აღარ დამთავრდა ეზოში ყოფნის დრო? ჩემს ანგარიშზე ჩაწერეთ. უსიკათერაპია კარგია. გასაღები სად იშოვეთ? მე დაკვრა ვიცი (ნერვებზეც კარგად ვუკრავ). კარს არ დახურავთ? მთელი ცივი ჰაერი გადის აქედან. ახალი სტრატეგია მჭირდება. 2:1, მაინც მე ვიგებ. მეტოქე მჭირდება, თორემ აქ ვერავის ვეთამაშები. საკმარისი დრო მქონდა იმაზე ფიქრისთვის, როგორ ვიქცევი. აქაურობა არ მომწონს და არასწორად ვიქცევი. კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი აქ ნამდვილი შეშლილები ექიმები არიან. მაგიდა მოგცეს, ჩოგნებს და ბედეებს არ გაძლევენ. თამაშს მაგიდის ჩოგბურთი ჰქვია, მაგიდის ფრენბურთი კი არა. ვის უნახავს ჩოგბურთის კორტები ბადის გარეშე? (ჩემი სახლის გვერდით 3 კორტია, არც ბადე აქვს და იქ არც არავინ თამაშობს). პინგ-პონგის ბადით თავს აბა ვინ იხრჩობს? ეს უსამართლობაა. ყველას ყველაფერს აძლევენ რაც უნდათ ჩემს გარდა. სხვების წყენინებას აღარ ვაპირებ. ახალი გეგმა მაქვს (გონებიოთ ლიდერი ვარ), ოღონდ ჯერ არ ვიცი როგორი. მუშაობა სიჩუმეში ჯობია (ღიღინი შეიძლება?). თავისუფლების მბრძენებელი. აქ ეს ყველას ესმის. სამყაროში არსებობს კეთილი და ბოროტი. ზოგი ადამიანი განსაკუთრებულია. ტყვიების შეჩერება ვის შეუძლია? 5 წუთი დავისვენოთ. მე ფრენა შემიძლია. ნუ გგონიათ, რომ მიცნობთ. ახალ გეგმაზე მუშაობა რამოდენიმე დღით უნდა გადავდო და ვნახო რა მოხდება. ოღონდ წამლებს არ დავლევ. ნეტავ ადრე დამესვენა, სანამ ახალი გეგმა ჩამომიყალიბდებოდა. ახლა დავიწყე, ჰაჰ, ხომ გესმით? მე მესამე ჯგუფის პრივილეგია მაქვს, მას შემდეგ რაც ჯგუფში მოვყევი როგორ დავლიე და ვიღაცასთან აღმოვჩნდი საწოლში. ახლა მესამე სართულზე ასვლაც შემიძლია. კალენდარი სად ვნახო? მეხუთე დონეზე თუ ავალ, დამარეკინებენ. გემოვნება კი კარგი მაქვს. აბები მჭირდება. 5 მილიგრამი ჰალდოლი და წყნარად ვიქნები. მომეცით წამალი. მათ გეგმაში შედის, რომ ისინი ვყლაპო და მათთან ვითანამშრომლო. ამას ნერვები უნდა. გაანადგურე და თან თუ გინდა უმღერე. წამლების დროა. დღეს გუშინდელზეე უკეთ ვარ, თუმცა ხვალინდელზე უარესად. ალბათ ეს რამეს ნიშნავს. თან დაკვრა და თან ლაპარაკი ძნელია. ცოტას ვუკრავ. მიყვარს მუსიკა. სხვა მაგიდა, სხვა ექიმი. ისტორია: იმან დამარტა, მერე მე დავარტყი და ასე ვურტყამდით ერთმანეთს დალურჯებამდე. აი, ასე იწყება ყველა ჩხუბი. ერთსა და იმავე მოვლენაზე ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს. ჭკვიანური პოზიცია რომელია იცით? რატომაა, რომ მათი კომპლიმენტები ყოველთვის ბრალდებად ჟღერს. წამლების თანმდევი ზემოქმედება არა გაქვთო, როგორ მექნება, როცა უკან ვაგდებ. ეს ჩხუბის ამბავიც ალოგიკურია. თავს ისე მაჩვენებენ, ვითომ დასკვნა ჯერ არ გამოუტანიათ. ისინი მე არ მენდობიან. უფრო მეტსაც გეტყვით, ვერ მიტანენ. ბოდიში, რომ ეჭვი შეეპარათ. ილუზიები. იმათ ხმის ყუთი წაართვეს. არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. არც ის მომკვდარა. ის იქაა. კეთილს ბოროტის დამარცხება შეუძლია. არაა, არაა, არ გინდათ. მისი ხმა იქაა. ეს რას უყურებს?  არაფერს არ ვაკეთებ, მხოლოდ ვფიქრობ. ფიქრიდან კეთებამდე არც ძალიან მცირე მანძილია. თუ კიდევ ვიფიქრებ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება. ყველა მძულს. მინდა, რომ ეტკინოთ. განაგრძე თამაში, შეეშვი სიძულვილს. რა განსხვავებაა მორჩილების თამაშსა და მორჩილებას შორის? თამაში თამაშია? ნამდვილი არაა? ერთს აკეთებ და სხვას ფიქრობ. ვიდექი და ვუყურებდი სანამ ეს სისულელე არ ჩაიდინა, მორჩლი ვიყავი. რამდენიმე დღეში ამას აღარ უყურებ. დღეს გაცილების საღამოა. ერთი სახლში მიდის. თავისუფლების მბრძანებელი სადაა? ხმას არ ამოვიღებ. თავი დამანებეთ. ნუ მეუბნებით, რომ კარგად ვარ. წამლებით გამაბრუეთ და უემოციო გავხდი, გათიშული ვარ. თქვენი ბრალია. მშვენივრად ვგრძნობდი თავს. ბედნიერი ვიყავი. ფიქრი საშინელებაა. გაბრაზების უფლება აღარ მაქვს? ბედნიერება ბედნიერებაა, ტესტი ტესტია, მკურნალობა მკურნალობაა. იქნებ საქმე ქულებსა და დონეებშია? დეპრესიის სკალაზე რამდენი ქულა მაქვს? არა არგუმენტი არაა. არაუშავს, მოვითმენ. მე ისე კარგად ვარ, რომ თქვენ არც იცით. თქვენი წამლები არ დამილევია. მიუხედავად ამისა თქვენი ყველა ტესტი გავიარე. რაციონალურად მაინც ვაზროვნებ, ჩემი ადგილი აქ არაა. ამათ გადაყლაპვას არ ვაპირებ, ისევ მოვიტყუები. სისტემასთან ბრძოლა. ახალი გეგმა არა მაქვს, გეგმები გამომელია. უნდა გავჩუმდე. მითვალთვალებენ. ცხოვრებაში ყველაფერი სიმართლის გაგების გარშემო ტრიალებს. მე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვზივარ. ფანჯრიდან ყურება ჩემი ძირითადი საქმიანობაა.

ზევით ავდივარ.

შმაგონების წყარო – House MD

 

ჩაიფიქრეთ

14 იან

პირველში არავისთვის მომილოცავს და ახლა გილოცავთ! ჩავიფიქროთ რაღაცეები, დავწეროთ და შევინახოთ რომელიმე წიგნში. წელს რომელში ჩავდო ნეტა… ვითომ ამასაც მნიშვნელობა აქვს? ან რამოდენიმეში ერთად რომ ჩავდო ასრულების შანსი გაიზრდება? Anyway, უკვე წარმომიდგენია მომავალ წელს როგორ გავსხნი და ჩავხედავ ამ ფურცელს, იქნებ ოდნავ გულიც ამიჩქარდეს, იმედია წნევა არ დამივარდება… უმრავლესობა რაც მიწერია და ახლა მნიშვნელოვანი მგონია 1 წლის მერე დარწმუნებული ვარ საერთოდაც აღარ მაინტერესებდეს. უმრავლესობა შეიძლება არც მახსოვდეს. შეიძლება კი არა, ნამდვილად აღარ მემახსოვრება. თუმცა, არის რამოდენიმე პუნქტი, რომლებიც ნამდვილად არ დამავიწყდება (იმედი მაქვს ამის დიდი) და არც მნიშვნელობას არ დაკარგავს. უფრო მეტიც, სიამოვნებით დაველოდები მომავალ (2012 !) წელს. 

პ.ს. თოვლი მაინც არ გვეღირსა.

%d bloggers like this: