Tag Archives: სიბერე

მონაყოლი

23 სექ

ლახუნდარა – სოფელია იმერეთში. ზოგისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, უმეტესებოსთვის უბრალოდ კიდევ ერთი მიწის პატარა უცნობი ადგილი დედამიწაზე. სოფელი თითქმის დაცლილია. ძველები აღარ არიან, ახლები უბრალოდ არ არიან.

Lakhundara

ხედი ტყიდან…

 

ჭიჭიკო ბაბუა ჩვენი ქვედა კუთხის მეზობელია. სახლში სულ მარტო დარჩა აგერ უკვე მეორე წელია… შვილი დიდი ხანია თბილისშია, რომელსაც ყავს ოჯახი და პერიოდულად სტუმრობს ხოლმე მამას. შეხვედრისას ჭიჭიკო ყოველთვის გულთბილად მოგიკითხავს და აუცილებლად ხელს ჩამოგართმევს. თბილი ხელი აქვს, დროისგან თითები თითქმის სულ მოხრილი, მაგრამ კანი ძალიან რბილი. შენც თუ მოიკითხავ მაშინ მისი დაბალი ტემბრის წყნარ და ერთ ტონზე მჟღერ ხმას გაიგონებ:

“ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მეექვსე გოგო. აღარცერთი აღარ არის ახლა. რომ მახსენდება – მენანება. ძნელია ძალიან… ცუდი კაცმა არც უნდა იფიქრო , არც გააკეთო. მე მაგალითად ადამიანის ცუდს როგორ ვიფიქრებ? ადამიანი არის რომ უნდა იცოცხლოს! ხანდახან კი ვინატრებ სიკვდილს, მაგრამ შვილი მაინც მენანება.”

დადის ყავარჯნით, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე. აცვია ყოველთვთვის სუფთად. იმ დღეს სოფლად ბავშვის ნათლობა იყო და კოსტუმი გადმოეღო. უხდებოდა, ალბათ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზიც იქნებოდა. სამწუხაროდ არ მაქვს მის ძველი ფოტოები ნანახი. ნეტავ რა მუსიკა უყვარდა ან თუ უსმენდა საერთოდ. აი, ჩავალ ერთხელაც და გადმომილაგებს ალბათ ძველ ფოტოალბომს.

ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ ჩავედი სოფელში, მაგრამ ჭიჭიკო ბაბუასთან მაინც არ შემივლია. გუშინ ლახუნდარაში წვიმდა რომ ვტოვებდი. კიდევ ერთი ახალი წვიმა…

 

 

Advertisements

მოხუცის სიკვდილი სიკვდილი არაა?!

17 თებ

“და წავდგე ჩემს მეუფესთან ხელთანთებული ცვილითა”

ვაჟა-ფშაველა

სიკვდილი შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრების დასრულებაზე როგორც მოვლენაზე ან როგორც მდგომარეობაზე. რომელი უფრო უარესია თქვენ გადაწყვიტეთ… ისე კი სიკვდილი, ყველაზე ფართო გაგებით — ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრულია. სიკვდილის მთავარი მიზეზი თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებებში სიბერესთანაა დაკავშირებული. სიბერე და სიკვდილი სინონიმებია. სიკვდილთან დაკავშირებული ტრადიციები და რწმენები მრავალი რელიგიის ქვაკუთხედია და იგი ადამიანთა კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Body Of An Old Man

იმედია თუ წაკითხული გაქვთ გიორგი ლეონიძის “მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი”. პირველი წაკითხვისთანავე მან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და დღემდე მომყვება. მასში ამოკითხული ყოველი ფრაზა გულში მტკიცედ მაქვს ჩაბეჭდილი.

ძალიან მიკვირს, როცა იკითხავენ – “რამდენი წლის იყო?” და თუ რიცხვი ცოტა მეტი მოეჩვენათ შემდეგ უკვე არაფერი ვითომ… თუმცა 90 წელი რა არის? 90 ახალი წელი. 90 გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი.

რამდენი წლის ხართ?

არა, არა, არ გეგონოთ სიკვდილის მეშინოდეს. პირიქით, ყოველთვის მინდოდა ახალგაზრდა მოვმკვდარიყავი. თუმცა, ვინ იცის, ჯერ არაა გვიანი… Die young stay pretty.

ისიც გამიგია ვინც წასულია სიკვდილის წინ ის მოგაკითხავსო. როგორ ველოდები მეც, რომ ვინც დავკარგე მომავალში მომაკითხავენ და თავისთან წამიყვანენ. ასეთ დროს მინდა არავინ მიტიროს. ასეთ დროს არაფერის მეშიანია. ასეთ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.

ზოგჯერ იმაშიც მეპარება ეჭვი, რომ საერთოდ რამე არსებობს, შემდეგ ვიკეტები და ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს, თუმცა არავინ არავის საფლავს არ ამოავსებს.

იტყვიან ხოლმე, როცა მიცვალებულს ჩაასვენებენ მზეც გამოვაო… დღესაც მზე გამოვიდა…

P.S. სიცოცხლეშივე გიხდით მადლობას საფლავამდე ვინც მიმაცილებთ, თუმცა მე მაინც კრემაცია მირჩევნია.

%d bloggers like this: