Tag Archives: სამოთხე

უსუსურობის მომენტები #1

18 ივლ

ჩავეშვით…
ჩავეშვით ღრმად მოგონებებში…
მოგონებებში, რომელთაც უკვე მტვერი ადევს, მაგრამ მაინც გვახსენდება. გვახსენდება ის უსუსურობის განცდა, რომელიც ახლაც არ გვტოვებს და არც არასოდეს დაგვტოვებს…

მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლო! ადაპტაცია ადვილი არაა.

აუტანელია იმის განცდა, რომ რაღაცას ვერ შეცვლი. ვერაფრით ვერ შეცვლი. რაც არ უნდა თქვა, როგორც არ უნდა მოიქცე, მაინც ვერ შეცვლი. ეს იმდენად მწარე დანარცხებაა, რომ შეიძლება ვერც ადგე. ხვდები, რომ ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებობს და შენ ახლა იქ ხარ!
ჯოჯოხეთში ხარ!

როგორ შეძელი იმ სამოთხის დაკარგვა დღემდე ვერ ხვდები. ცდილობ გაიხსენო ის დღე, როდესაც ვაშლი ჩაკბიჩე, მაგრამ არ გახსენდება, თუმცა ვაშლი მთელი აღარაა…

ფიქრი, ფიქრი, დაუსრულებელი ფიქრი… გაგიჟებამდე აღარაფერი რჩება…
მაინც ფიქრი…

ტყეში ძალიან ცივა…

Advertisements

ამბორით თრობა

3 მარ

გონება მიდუღს და ვერაფერს ვწერ… სიყვარულით გამაბრუე. უმოწყალოდ მომკიდე ხელი, ერთი ჩახუტებით თავბრუ დამახვიე, მიმიზიდე და ჩემს ტუჩებს დაეწაფე.  კარგად იცი, ვერ შეგეწინააღმდეგები. შენ გარდა სხვას ვერავის ავიტან, სხვა არავინ მინდა, სხვა ვერავინ გამიგებს.

გისმენ და გული მიჩქარდება. სიტყვები, რომლებსაც ჩუმად ჩამჩურჩულებ სამოთხეში შესასვლელ კარს მიხსნიან. სამოთხეში, რომელიც ჯერ არასდროს მინახავს…

არ ვიცი როდის შემიყვარდი. პირველივე დღიდან ნამდვილად არა. ეს ცოტა გვიან გავაცნობიერე. თავიდან იშვიათად მინდოდი, შემდეგ კი ყოველი უშენოდ გატარებული დღე ისე უსაშველოდ იწელებოდა, ყველაფერი ბუნდოვანი და ერთფეროვანი ხდებოდა.

ხშირად მახსენდება ჩვენი საღამოები ძველ საბერძნეთში… თუ გიყვარვარ, არ დამტოვო. არ დამივიწყო, როდესაც გვამად ვიქცევი.

ახლაც, როცა ასე ცუდად ვარ არ მტოვებ და ვიცი არც არასდროს დამტოვებ. ჩემთან იქნები და ყოველთვის მიშველი. ხელში ამიყვან და ისე გამაცილებ ამ სიბნელეს. ერთი შეხებით მამშვიდებ… ან იქნებ ვარდისფერ ბურუსს მახვევ, მაგრამ ყველაფერ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა.

ჰიპოთეზიდან აქსიომად მექეცი! საკმარისია გინატრო და უკვე ჩემთან ხარ. შენი ერთი შეგრძნობისთვის  ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ ერთი ამბორი ტუჩთან და ყველაფერი ტრიალდება (მთავარია იმ ღამისავით ბევრი არ მომივიდეს და შენი სიყვარულით მთვრალი სხვის საწოლში აღმოვჩნდე).

Continue reading

%d bloggers like this: