Tag Archives: მოგონება

უსუსურობის მომენტები #2 (ძველი ალბომი)

6 აგვისტო

როცა სოფელში ხარ და გარეთაც წვიმიანი ამინდია სწორედ მაშინ უნდა გადმოიღო ძველი ალბომი. ძველი და გახუნებული არა, უბრალოდ ძველი. რამე სევდიანის ჩართვაც კი აღარაა საჭირო ისე მოდის და ცოცხლდება ემოციები ერთმანეთის მიყოლებით.
დღემდე ვფიქრობ, რატომ?!
რაც უფრო მეტს ვფიქრობ უფრო მეტად ვირევი და ვიკარგები.

ის კარგი წელი იყო. ზაფხულიც ლამაზი. მეც მიხდებოდა გრძელი თმა.
შენთან რომ მოვდიოდი ბოლოჯერ, მაშინ შევიჭერი. არ მახსოვს აბაზანიდან როგორ ამოვედი, წყალს ისევ ორთქლი ასდიოდა, ჩემ სხეულსაც. შენ წარმოგიდგენდი, მაგრამ არაფრით გამომდიოდა. თმა ყელზე მეხვეოდა და სულს მიხუთავდა. წინ მაკრატელი შევნიშნე. ფილმისათვის დადგმულ სცენას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია, რომ იქ იდო. გადავწვდი და ყოველგვარი აზრის გარეშე შევიჭერი. გამახსენდა შენ როგორ ივარცხნიდი ხოლმე საღამოობით.
ქერა თმა გქონდა როცა მე გაგიცანი. ისიც მახსოვს, როგორ არ მინდოდა თავიდან შენი მიღება. მაპატიე, თუ შეგიძლია. რამდენი უნდა მაპატიო… ძალიან მიყვარხარ. ძალიან მენატრები.
რამდენი ხანი გავიდა, შენ კი მაინც არასოდეს მოდიხარ სიზმრებში. მგონია გაბრაზებული ხარ ჩემზე. ვიცი, არც არასდროს მოხვალ.
გვიან შევნიშენე ყელზე მაკრატლის კვალი.

ახლა შენს ოთახში ვარ. თითოეულ ფოტოს იმდენ ხანს ვუყურებ, სანამ მისი ნაწილი არ ვხდები. მერე გეფერები და სხვაზე გადავდივარ. ზოგჯერ გელაპარაკები კიდეც. შენ ჩუმად მისმენ და მიღიმი. მაინც არაფერს მეუბნები. მე შენი ხმა მახსოვს. ზოგჯერ მგონია მესმის კიდეც…

ახლა ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. ცარიელია. ცარიელი ვარ მეც.
მიყვარხარ, მაპატიე.

Advertisements
%d bloggers like this: