Tag Archives: დანაშაული

საკანი

3 თებ

“თავისუფალი მხოლოდ ისაა, ვინც ყველაფერი დაკარგა, რისთვისაც ცხოვრება ღირს” (ერიხ მარია რემარკი)

ჭეშმარიტად!

რატომ უნდა ასოცირდებოდეს თავისუფლება ბედნიერებასთან?!
თავისუფალი ადამიანი ყველგან თავისუფალია! და რისთვის უნდა იცხოვრო მაშინ?
თავისუფალი მხოლოდ გიჟები არიან. როგორ მინდა მეც ერთი მათგანი ვიყო.

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი” (გოეთე)

ჩადენაზეც არაა, ჩადენა ყველას შეუძლია. ყველაზე უწყინარი ადამიანიც რომ შესაბამის გარემოში მოახვედრო, ასე მოიქცევა. თუ ჩათვლი, რომ ამას საჭიროება მოითხოვს, ყველაფერზე ხდები წამსვლელი. მთავარი ისაა შემდეგ როგორ შეძლებ ცხოვრებას, ან საერთოდ თუ შეძლებ.

შეიძლება ზამთრის სუსხივით ცივ საკანში იჯდე, ოთხ კედელს შუა გამოკეტილი, მაგრამ მაინც შვებას გრძნობდე, თუმცა იქნებ ყველგან შეგეძლოს წასვლა სადაც კი მოისურვებ, მაგრამ მაინც ცარიელი დადიოდე, ისეთი ცარიელი და არაფრისმთქმელი, როგორიც საკნის კედლებია.

ამის მერე შენც თავისუფალი ხარ და ისიც, ვინც საკანში ზის?

პატარა ეშმაკმა ამის გაკეთება მაიძულა და პატარა ანგელოზი პირს არ კუმავს. (ჩემეული)

მხოლოდ ჩადენის სინანული გამოსავალი არაა, სინანულით ვერ გათავისუფლდები. ზედმეტი სინანული თრგუნავს! სინანული რისი მომცემია? მასთან ერთად სიარული ძალიან ძნელია. დიდხანს ვერ აიტან.

აუცილებელი არაა ციხეში იჯდე, შენ თავს ხომ მაინც ვერსად გაექცევი. ის ტკივილი,  მაინც შენთნ იქნება, დღე-ღამეს აგირევს, დროის შეგრძნებას საბოლოოდ დაგიკარგავს, სიზმრისა და რეალობის გარჩევადობას გაგიქრობს. ეს იგივეა, რომ სამუდამო პატიმრობა მოგისაჯონ, განაჩენი მაინც გეცოდინება… მასთან შედარებით სიკვდილიც კი სასჯელის შემსუბუქებად მოგეჩვენება.

ყველა უშვებს შეცდომებს და ყველა ეცემა, ეცემიან ძალიან მწარედ და ვეღარ დგებიან.
საშინელი გრძნობაა, როცა შიგნიდან რაღაც გჭამს და ამ საშინელ ტკივილს ვერაფერი გიჩერებს. ნეტავ ერთი წუთით მაინც გაყუჩდებოდეს, ნეტავ ერთი წუთით მაინც გაყუჩდებოდეს… წამლები? სისულელეა! ისინი არაფერს შველიან. როცა მათი მოქმედება გაივლის თავს უფრო საშინლად იგრძნობ და სულ უფრო მეტი და მეტი გინდა. დრო? იქნებ დრო? შეიძლება ის მართლაც კურნავს, მაგრამ საკმაოდ დიდ შრამსაც ტოვებს, რომელსაც ვერცერთი პლასტიკური ქირურგი ვერანაირი თანხის სანაცვლოდ ვერ მოგაშორებს.

Advertisements

სასჯელის განსაკუთრებული (უმაღლესი) ზომა

29 იან

შეიძლება გონებაში 2 ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი ერთმანეთს ერთმანეთს შეეჯახოს? თუ ეს მხოლოდ გრძნობათა თამაშია?..

სიკვდილით დასჯა სხვაა და კაცის კვლა სხვა?

“ტრადიციულად, ადამიანის საერთაშორისო უფლებები აღიარებს სახელმწიფოების უფლებას გამოიყენოს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, გარკვეული დანაშაულებისთვის. თუმცა ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. მეოცე საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში.”

მეექვსე მცნება. არა კაც-ჰკლა.

“მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება, ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს. ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადადის. დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგანაც ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, – გვარიგებს წმიდა ბასილი დიდი, – მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ჰუმანურ სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.”

სიკვდილით დასჯა სხვაა და კაცის კვლა სხვა?

როგორ წყვეტენ ვინ არის მეორე შანსის ღირსი და ვინ არა.

როგორ შეიძლება არ გრძნობდე პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შენს გარშემო ხდება.

ყველაფრის მიტევება შეიძლება?!

როდესაც ხარ ადამინი, როგორ უნდა ფიქრობდე, რომ ვინმე სიკვდილით დასჯის ღირსია.

თუმცა დედემიწაზე სამართალი და სამართლიანობა განსხვავებული ცნებებია.

ძალიან ხშირად მიჩნდება კითხვა, თუ ადამიანის მკვლელობა სიკვდილით უნდა ისჯებოდეს, ჩვენც ხომ მკვლელები გამოვდივართ, რადგან ამას ვეთანხმებით და ასე დაუსრულებლად  ვეჩხუბები ჩემ თავს ამ საკითხზე, მაგრამ პასუხამდე მაინც ვერასდეს მივედი. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხელით მოვკლავ მას, ვინც ასეთ ტკივილს განმაცდევინებს. “თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ?” ყველა რომ ასე მოვიქცეთ, იქნებ სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, სულ გაქრეს, ან იქნებ გადავრჩეთ და უკეთესი, უფრო ლამაზი სამყარო დარჩეს, მათგან ცარიელი, ვისი ხელებიც სისხლითაა დასვრილი. ნუთუ არ შეიძლება, რომ ვინმემ მეექვსე მცნება (არა კაც-ჰკლა) ისე გაიგოს, როგორც – არაკაცი მოჰკალიო და მანაც მოკლას ყველა, ვინც ამის ღირსია. მერე ჩვენ ყველამ (თუ ვინმე დავრჩით) იმ ერთს ვაპატიოთ და ვიცხოვროთ ასე მშვიდად. მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მიჩნდება კითხვა, ვინ წყვეტს ვინაა სიკვდილის ღირსი?!

როგორც ყოველთვის, ამ პოსტითაც კიდევ ერთხელ მოვედი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში, რადგან ისევ გავიფიქრე, რომ მაინც ვამჯობინებდი, რომ მოკვდეს ერთი 10 კაცის მკვლელი, ვიდრე მან კიდევ თუნდაც ერთი ადამიანი მოკლა მოასწროს, სანამ აქ სხვები კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობენ. ყოველი კამათისას უფრო ვეფლობი ამ რუტინაში და ვერ ვიმიგია სადაა სამართალი.

ალბათ პასუხს მაშინ მივიღებთ, როცა რეალურად, ცხოვრებაში ამ არჩევანის წინაშე დავდგებით.

ახლახანს გავიგე ფრაზა – განთიადზე დიდი იმედი არ არსებობსო და ამით დავასრულებ.

%d bloggers like this: