Archive | წერილები RSS feed for this section

უსუსურობის მომენტები #2 (ძველი ალბომი)

6 აგვისტო

როცა სოფელში ხარ და გარეთაც წვიმიანი ამინდია სწორედ მაშინ უნდა გადმოიღო ძველი ალბომი. ძველი და გახუნებული არა, უბრალოდ ძველი. რამე სევდიანის ჩართვაც კი აღარაა საჭირო ისე მოდის და ცოცხლდება ემოციები ერთმანეთის მიყოლებით.
დღემდე ვფიქრობ, რატომ?!
რაც უფრო მეტს ვფიქრობ უფრო მეტად ვირევი და ვიკარგები.

ის კარგი წელი იყო. ზაფხულიც ლამაზი. მეც მიხდებოდა გრძელი თმა.
შენთან რომ მოვდიოდი ბოლოჯერ, მაშინ შევიჭერი. არ მახსოვს აბაზანიდან როგორ ამოვედი, წყალს ისევ ორთქლი ასდიოდა, ჩემ სხეულსაც. შენ წარმოგიდგენდი, მაგრამ არაფრით გამომდიოდა. თმა ყელზე მეხვეოდა და სულს მიხუთავდა. წინ მაკრატელი შევნიშნე. ფილმისათვის დადგმულ სცენას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია, რომ იქ იდო. გადავწვდი და ყოველგვარი აზრის გარეშე შევიჭერი. გამახსენდა შენ როგორ ივარცხნიდი ხოლმე საღამოობით.
ქერა თმა გქონდა როცა მე გაგიცანი. ისიც მახსოვს, როგორ არ მინდოდა თავიდან შენი მიღება. მაპატიე, თუ შეგიძლია. რამდენი უნდა მაპატიო… ძალიან მიყვარხარ. ძალიან მენატრები.
რამდენი ხანი გავიდა, შენ კი მაინც არასოდეს მოდიხარ სიზმრებში. მგონია გაბრაზებული ხარ ჩემზე. ვიცი, არც არასდროს მოხვალ.
გვიან შევნიშენე ყელზე მაკრატლის კვალი.

ახლა შენს ოთახში ვარ. თითოეულ ფოტოს იმდენ ხანს ვუყურებ, სანამ მისი ნაწილი არ ვხდები. მერე გეფერები და სხვაზე გადავდივარ. ზოგჯერ გელაპარაკები კიდეც. შენ ჩუმად მისმენ და მიღიმი. მაინც არაფერს მეუბნები. მე შენი ხმა მახსოვს. ზოგჯერ მგონია მესმის კიდეც…

ახლა ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. ცარიელია. ცარიელი ვარ მეც.
მიყვარხარ, მაპატიე.

Advertisements

უსუსურობის მომენტები #1

18 ივლ

ჩავეშვით…
ჩავეშვით ღრმად მოგონებებში…
მოგონებებში, რომელთაც უკვე მტვერი ადევს, მაგრამ მაინც გვახსენდება. გვახსენდება ის უსუსურობის განცდა, რომელიც ახლაც არ გვტოვებს და არც არასოდეს დაგვტოვებს…

მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლო! ადაპტაცია ადვილი არაა.

აუტანელია იმის განცდა, რომ რაღაცას ვერ შეცვლი. ვერაფრით ვერ შეცვლი. რაც არ უნდა თქვა, როგორც არ უნდა მოიქცე, მაინც ვერ შეცვლი. ეს იმდენად მწარე დანარცხებაა, რომ შეიძლება ვერც ადგე. ხვდები, რომ ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებობს და შენ ახლა იქ ხარ!
ჯოჯოხეთში ხარ!

როგორ შეძელი იმ სამოთხის დაკარგვა დღემდე ვერ ხვდები. ცდილობ გაიხსენო ის დღე, როდესაც ვაშლი ჩაკბიჩე, მაგრამ არ გახსენდება, თუმცა ვაშლი მთელი აღარაა…

ფიქრი, ფიქრი, დაუსრულებელი ფიქრი… გაგიჟებამდე აღარაფერი რჩება…
მაინც ფიქრი…

ტყეში ძალიან ცივა…

წერილი 15 წლის მარიეს

22 ივნ

Marie

წერილის მიწერას არ ვაპირებ, თუმცა მაინც ასე დავარქვათ.

რამოდენიმე დღეა ბლოგერები ტეგ თამაშში ჩაებნენ, სახელად “წერილი 15 წლის მეს”.  კვითხულობდი მათ წერილებს და ვფიქრობდი მე რას ვეტყოდი საკუთარ თავს… ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე. არა, როგორ ვერ მოვიფიქრე, მაგრამ მაინც ვერაფრით მივწერე. არადა დამიჯერებდა. ვიცი, ნამდვილად დამიჯერებდა. ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდა ისე დამიჯერებდა. ერთხელაც არ იკითხავდა ვინ ვარ და რა მინდა საერთოდ, რატომ ვერევი მის ცხოვრებაში ასე უტიფრად და ვასწავლი რა აკეთოს და რა არა, ამიტომაც არ მივწერ! ახლა რომ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ბოღმა მალაპარაკებს, თავიდანვე დაგიზუსტებთ, კი, მე ნამდვილად ბოღმა მალაპააკებს!!! მხოლოდ ბოღმა კი არა, სიძულვილიც.

ნებით თუ ძალით გავაგდე და არც მინდა ოდესმე დაბრუნდეს, თუმცა რომ დავუძახო, ისეთი დებილია, ისევ მოვა და ჩამეხუტება, მაგრამ მისი ღიმილი რომ კიდევ ერთხელ დავინახო, უკვე ნამდვილად მოვკლავ! შეიძლება მოკვდა კიდეც იმ შემოდგომას…

მისი გაფრთხილების არანაირი სურვილი არ მაქვს. რა საჭიროა იმ ჭრილობის გაღიზიანება, რომელიც ჯერ არ შეხორცებულა. ვერ გავწმინდე, თუმცა ნაკერი დავადე და სისხლისგან ნამდვილად არ დავიცლები. იმ ძველი თეთრეულის რეცხვითაც ხელებს ვერ გადავიტყავებ, მითუმეტეს რომ წინასწარ ვიცი, ის ლაქები არასდროს ამოშორდება, დროს კი  უკან ვერაფერი დააბრუნებ, რომ უფრო ფრთხილად მოიქცე და ეცადო დავსვარო, ასე უღმერთოდ მაინც. კიდევ საფლავის თავზე  მიწის თხრაც არაა საჭირო, თორემ დატოვეულ მტვერში ვერაფერს დაინახავ წინ და იქ თავადვე დაიმარხები. ეს პერსპექტივა კი ნამდვილად ა(ღა)რ მხიბლავს.

მოკლედ, ჩემო კარგო, არანაირი წერილი არ მაქვს შენთვის და არ მინდა იმ მარიეს რაიმე საერთო ჰქონდეს ჩემთან! გისურვებ ბედნიერებას, რომელიც არასოდეს გექნება. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ მაინც ბედნიერი ხარ.

ჩემი ანგელოზი

8 აპრილი

ვინ არიან ანგელოზები?

ქრისტიანულ და ისლამურ მითოლოგიაში ანგელოზები ბოროტი და კეთილი არსებები არიან, რომლებიც ითვლებიან შუამავლებად ღმერთსა და ადამიანებს შორის.

ხანდახან ანგელოზები მოჩვენებების სახით გვეცხადებაიან. არის მოსაზრება, რომ ანგელოზი შეიძლება იყოს გარდაცვლილი ოჯახის წევრი, რომელიც საფრთხეს წინასწარ გვატყობინებს და გვიცავს.

ჰოდა, ამ სასტიკ სამყაროშიც ღმერთს კიდევ ერთი ანგელოზი დასჭირდა.

დასჭირდა და დედამიწას გადმოჰხედა.

გადმოჰხედა და მიწიდან თავისთან წაიყვანა.

ყველაზე ძლიერი ანგელოზი წაიყვანა.

ჩემი ანგელოზი წაიყვანა.

წაიყვანა.

არცერთი არ დაგვიტოვა, ორივე წაიყვანა.

ვერ გამიგია, რატომ? რატომ წაიყვანა? ხომ შეეძლო უბრალოდ ახალი შეექმნა. ის ხომ ღმერთია, მას ხომ ყველაფერი შეუძლია.

არ მინდა შეგუება, ვერ შევეგუები! რატომ უნდა შევეგუო?!

მენატრება.

როგორ ვთხოვდი, მაგრამ მე არ წამიყვანა… მე მას ვეღარასოდეს ვნახავ.

ამბორით თრობა

3 მარ

გონება მიდუღს და ვერაფერს ვწერ… სიყვარულით გამაბრუე. უმოწყალოდ მომკიდე ხელი, ერთი ჩახუტებით თავბრუ დამახვიე, მიმიზიდე და ჩემს ტუჩებს დაეწაფე.  კარგად იცი, ვერ შეგეწინააღმდეგები. შენ გარდა სხვას ვერავის ავიტან, სხვა არავინ მინდა, სხვა ვერავინ გამიგებს.

გისმენ და გული მიჩქარდება. სიტყვები, რომლებსაც ჩუმად ჩამჩურჩულებ სამოთხეში შესასვლელ კარს მიხსნიან. სამოთხეში, რომელიც ჯერ არასდროს მინახავს…

არ ვიცი როდის შემიყვარდი. პირველივე დღიდან ნამდვილად არა. ეს ცოტა გვიან გავაცნობიერე. თავიდან იშვიათად მინდოდი, შემდეგ კი ყოველი უშენოდ გატარებული დღე ისე უსაშველოდ იწელებოდა, ყველაფერი ბუნდოვანი და ერთფეროვანი ხდებოდა.

ხშირად მახსენდება ჩვენი საღამოები ძველ საბერძნეთში… თუ გიყვარვარ, არ დამტოვო. არ დამივიწყო, როდესაც გვამად ვიქცევი.

ახლაც, როცა ასე ცუდად ვარ არ მტოვებ და ვიცი არც არასდროს დამტოვებ. ჩემთან იქნები და ყოველთვის მიშველი. ხელში ამიყვან და ისე გამაცილებ ამ სიბნელეს. ერთი შეხებით მამშვიდებ… ან იქნებ ვარდისფერ ბურუსს მახვევ, მაგრამ ყველაფერ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა.

ჰიპოთეზიდან აქსიომად მექეცი! საკმარისია გინატრო და უკვე ჩემთან ხარ. შენი ერთი შეგრძნობისთვის  ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ ერთი ამბორი ტუჩთან და ყველაფერი ტრიალდება (მთავარია იმ ღამისავით ბევრი არ მომივიდეს და შენი სიყვარულით მთვრალი სხვის საწოლში აღმოვჩნდე).

Continue reading

%d bloggers like this: