Archive | უკატეგორიოდ RSS feed for this section

მეტი, ვიდრე უბრალოდ წყალი

16 ივლ

 

წყალი? რა ვიცით მის შესახებ?  რომ იგი აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისათვის?.. მაგრამ იგი ასევე შეიძლება საშიშიც აღმოჩნდესჩვენთვის ჩვენთვის თუ მასში იქნება რიგი ქიმიური ნაერთებისა. სწორედ ამიტომ საჭიროა მისი გაფილტვრა და იმ სტანდარტამდე მიყვანა, რომ წყალი სასმელად ვარგისი გახდეს.

Georgian Water and Power

13 ივლისს მიწვეული აღმოვჩნდი “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” მიერ ორგანიზებულ ტურში სახელწოდებით „თბილისის წყალმომარაგების სისტემა და თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი“. მეც თავი ერინ ბროკოვიჩად წარმოვიდგინე და შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი.

მე და ტურში მონაწილე კიდევ რამდენიმე ადამიანს საშუალება მოგვეცა მოგვენახულებინა ისეთი სანიტარული ზონები, როგორიცაა – ღრმაღელეს საფილტრე სადგური, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, ნატახტრისა და საგურამოს წყალსადენები და ჟინვალის ჰიდროკომპლექსი.

ტური ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტების დათვალიერება ძალზედ საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა. ჩვენ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ხდება წყლის მიღება, დამუშავება, სასმელ წყლად გარდაქმნა და მომხმარებლამდე მიტანა. გავეცანით საფილტრე სადგურის მუშაობის სპეციფიკას, ვნახეთ თუ რა მექანიზმებით ხდება ნედლი წყლის სასმელ წყლად გარდაქმნა, როგორ იკრიბება და ნაწილდება წყალი ქალაქში, ვნახეთ სრული ტექნოლოგიურ ციკლი იმისა თუ რა გზას გადის წყალი სანამ მოვა ჩვენი სახლის ონკანებამდე.

მე - ერინ ბროკოვიჩი

მე – ერინ ბროკოვიჩი

განსაკუთრებით გამოვყოფდი სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელ ცენტრალურ ლაბორატორიას, სადაც წყალი ქალაქის მილებში გასვლამდე გადის მთელ რიგ ტექნიკურ შემოწმებებს. მახსოვს, ყველაზე ძალიან რაც ბავშვიბოდან მაინტერესებდა იყო თუ რატომ მოდიოდა ონკანიდან თეთრი ფერის წყალი და შემდეგ ჭიქაში ხდება უფერული, ყველაფერი კი მარტივად აიხსნა, როდესაც მილებში წყალი დიდი წნევით მოედინება  მას მოჰყვება ჰაერიც და ჭურჭლში მოხვედრისას კი მალევე თავისუფლდება ჰაერისგან გაზიანი წყლის პრინციპის მსგავსად. მსგავსი, შედარებიც მცირე ლაბორატორიები არის სამგორის სადგურებში, ასევე ქალაქგარეთ ბულაჩაურში, საგურამოსა და ნატახტარში. არნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი თავისი ბუნებით.

 

მისია, რომ გამეგო საიდან და რამდენად საიმედოდ ხდება თბილისის (GWP ასევე წყლით ამარაგებს რუსთავსა და მცხეთას) წყალმომარაგება, როგორ მუშავდება და იფილტრება ნედლი წყალი და იქმნება პროდუქტი – სასმელი წყალი, უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის მოხმარება ჯანმრთელობისთვის, რამდენად სანდოა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და რამდენად შეესაბამება ის მსოფლიო სტანდარტებს – შემიძლია შესრულებულად გამოვაცხადო.

ფოტოკოლაჟი ტურიდან 

C360_2014-07-13-15-50-02-093

ჟინვალის ჰიდროკომპლექსი

 

კლიენტზე ზრუნვის გარემო, ტექნიკის სახლი Okay

10 ივნ

მოგიყვებით ჩემ კონკრეტულ შემთხვევას:

ტექნიკის სახლ Okay-ს ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც მდებარეობს ქავთარაძის #1-ში ვიყიდეთ Gear 2 დეიდაშვილისთვის ისე, რომ თავსებადობა არ მქონდა შემოწმებული მის ტელეფონთან. მხოლოდ ყიდვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მის მოდელზე იგი არ მიდიოდა. მაგრამ თანხა უკვე გადახდილი იყო, საგარანტიო ხელშეკრულება გაფორმებული, სალაროში გატარებული თანხის უკან დაბრუნება კი შეუძლებელი. დღეც შაბათი დაემთხვა და რადგან როგორც ამ დღეს ხდება ხოლმე ყველაგან, მენეჯმენტის ნახევარი ისვენებს, სხვა ვერაფერი გავაკეთეთ გარდა იმისა, რომ დავწერეთ მხოლოდ განცხადება თანხის უკან დაბრუნებაზე.

ამას წინ ვუყურებდი ალექსანდრე ჯეჯელავას ძალიან საინტერესო ვიდეო ლექციას “მომხმარებლის გამოცდილება”-ზე, სადაც იგი ძალიან კარგად აღწერს:
• რა არის მომხმარებლის გამოცდილება
• რას ყიდულობს მომხმარებელი
• რა განსხვავებაა სუბიექტურ და ობიექტურ პროდუქტებს შორის

ძალიან გირჩევთ თქვენც ნახოთ

 

დღეს დილით მხვდება მესიჯი:

“Tanxis charicxva
10/06/2014
Angarishi: My Safe
Tanxa: 639.00 GEL
Gmadlobt”

okayმართლაც, კლიენტი ყიდულობს მთლიან მომსახურების გამოცდილებას, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო Okay-ს მაღაზიათა ქსელს მისი მომხმარებლის მომართ ლოიალური დამოკიდებულების გამო და განსაუთრებით იმ დღეს იქ მომუშავე პერსონალს, განსაკუთრებით ივენე ბლიაძესა და თეონა ოდიშარიას, რომლებიც ყურადღებით მოეკიდნენ კლიენტის პრობლემას.

ცოტა გრძლად კი გამომივიდა მადლობის წერილი, მაგრამ მართლა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კომპანია ყიდის არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პროდუქტს, რომელიც მის მაღაზიაშია წარმოდგენილი, არამედ ყველაფერთან ერთად კარგ მომსახურებასაც.

პატივისცემით, მარიამ იაშვილი.

 

მონაყოლი

23 სექ

ლახუნდარა – სოფელია იმერეთში. ზოგისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, უმეტესებოსთვის უბრალოდ კიდევ ერთი მიწის პატარა უცნობი ადგილი დედამიწაზე. სოფელი თითქმის დაცლილია. ძველები აღარ არიან, ახლები უბრალოდ არ არიან.

Lakhundara

ხედი ტყიდან…

 

ჭიჭიკო ბაბუა ჩვენი ქვედა კუთხის მეზობელია. სახლში სულ მარტო დარჩა აგერ უკვე მეორე წელია… შვილი დიდი ხანია თბილისშია, რომელსაც ყავს ოჯახი და პერიოდულად სტუმრობს ხოლმე მამას. შეხვედრისას ჭიჭიკო ყოველთვის გულთბილად მოგიკითხავს და აუცილებლად ხელს ჩამოგართმევს. თბილი ხელი აქვს, დროისგან თითები თითქმის სულ მოხრილი, მაგრამ კანი ძალიან რბილი. შენც თუ მოიკითხავ მაშინ მისი დაბალი ტემბრის წყნარ და ერთ ტონზე მჟღერ ხმას გაიგონებ:

“ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მეექვსე გოგო. აღარცერთი აღარ არის ახლა. რომ მახსენდება – მენანება. ძნელია ძალიან… ცუდი კაცმა არც უნდა იფიქრო , არც გააკეთო. მე მაგალითად ადამიანის ცუდს როგორ ვიფიქრებ? ადამიანი არის რომ უნდა იცოცხლოს! ხანდახან კი ვინატრებ სიკვდილს, მაგრამ შვილი მაინც მენანება.”

დადის ყავარჯნით, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე. აცვია ყოველთვთვის სუფთად. იმ დღეს სოფლად ბავშვის ნათლობა იყო და კოსტუმი გადმოეღო. უხდებოდა, ალბათ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზიც იქნებოდა. სამწუხაროდ არ მაქვს მის ძველი ფოტოები ნანახი. ნეტავ რა მუსიკა უყვარდა ან თუ უსმენდა საერთოდ. აი, ჩავალ ერთხელაც და გადმომილაგებს ალბათ ძველ ფოტოალბომს.

ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ ჩავედი სოფელში, მაგრამ ჭიჭიკო ბაბუასთან მაინც არ შემივლია. გუშინ ლახუნდარაში წვიმდა რომ ვტოვებდი. კიდევ ერთი ახალი წვიმა…

 

 

Tbilisi Beer Fest 2013

14 ივლ

თბილისის რიგით მეოთხე ლუდის ფესტივალი

თბილისის ლუდის ფესტივალი, რომლის ჩატარებაც 2010 წლის ივლისიდან უკვე ტრადიციად იქცა წელსაც შედგა.
ოფიციალური ჰეშთეგი #tbilisibeerfest

ზაფხული, 13-14 ივლისი, ადგილი უცვლელი – ვარდების მოედანი. დადებით და უარყოფით მხარეებზე ითქვა და კიდევ ბევრს იტყვიან, მხოლოდ ერთს დავამატებ ორგანიზატორების სასარგებლოდ, რომ ყოველ წელს დავდივარ და ფესტივალი სულ უფრო კარგი ხდება ვიდრე წინა წელს იყო და იმედია ასეც გაგრძელდება.

ფესტივალის მხოლოდ პირველ დღეს დავესწარი.
სვანციხის გამოსვლის შემდეგ ჩატარდა ბლოგერების კონკურსი ლუდის სწრაფად სმაზე, რომელშიც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. წესები საკმაოდ მარტივი, ჭიქა სხვებზე მალე უნდა დაგეცალა და ცარიელი თავზე დაგედო, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლედა შენი გუნდის შემდეგ წევს საკუთარი ჭიქის აღების უფლება. გამარჯვებული იქნებოდა ის გუნდი, რომლის წევრებიც პირველები დაცლიდნენ ჭიქებს. 8 ბლოგერიდან სცენაზევე გავიყავით 2 გუნდად, ანუ თითოში 4-4-ი და დაიწყო…

ფოტო კონკურსიდან

ფოტო ბლოგერების კონკურსიდან

ასევე წესების თანახმად, თუ დალევას ვერ ასწრებდი შეგეძლო დარჩენილი ლუდი თავზე გადაგესხა და ისე დაგედო ჭიქა თავზე, ჰოდა რაც ვერ დავლიე დროის სიმცირის გამო ავდექი და თავზე დაგავივლე :3
გაიმარჯვა ჩემმა გუნდმა, სამაგიეროდ შემდეგ მთელი საღამო თმა მიბზინავდა და ლუდის სურნელი ამდიოდა.

 

წელს ასევე მომეწონა აქსესუარები და მაისურები.

  • ესეც ჩემი:
Tbilisi Beer Fest T-shirt

Tbilisi Beer Fest T-shirt

ინტერესით და სიხარულით ველოდები მომავალი წლის ბერ ფესტს 🙂

ესეც წინა ფესტივალების პატარა ფოტოკოლაჟი:

This slideshow requires JavaScript.

ორიათასცამეტი

31 დეკ

ვდგავარ ფარჯარასთან, ვფრცქვნი მანდარინს და მახსენდება, რომ რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ამ დღეს და ამ დროს გაიხსნა ეს ბლოგი…
მეღიმება და მახსენდებიან ვიღაცები…

ფანჯრის ანარეკლზე მოციმციმე შუქები თამაშობენ…
10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, !!!1!!!

Marie Santa

გაიზ, გილოცავთ 2013-ის დადგომას!

 

 

ხატიპეპელა

9 ივნ

გარედან შემოსულ ხმაურზე ყურები ვცქვიტე. რამდენიმე წამი გააზრება გამიჭირდა სად ვიმყოფებოდი. შუადღის ოთხი საათი სრულდებოდა. გონს მოსასვლელად ფეხზე წამოვდექი. ოთახის ავეჯიც ჩემთან ერთად წამოიწია და ცეკვა დაიწყო. გაჩერდით, თორემ მეზობლები ამოცვივდებიან! ვისაც არ ეზარება ყველა მე მიშლის ნერვებს რა. მოცეკვავე ტუმბოზე თერმომეტრს გადავწვდი… ისევ 38.1. ამჯერად ნამდილად ვკვდები, გავიფიქრე მერამდენედ და ავწუწუნდი. თუმცა ამჯერად არ ვამეტებდი. სიცხისგან ყველაფერი მტკიოდა, ფილტვებში სიმძიმეს ვგრძნობდი, მუდმივი ხველისგან უკვე მუცელი მტკიოდა და სინათლეზე კი თვალები მეცრემლებოდა.

მეტის ღირსი ვარ. მოვინდომე ივნისში ზღვა და ოაზისი.

ჩემმა ექიმმა მითხრა თინეიჯერობის ასაკიდან არ გამოსულხარო, მე კი ამ დროს დარწმუნებული ვარ, რომ ძველ დროში ტროელი მეომარი ვიყავი. უცნაური შეთავსებაა, ღმერთმანი.

ცხოვრობს ჩემში ერთი ჭირვეული მეორე მე, რომელმაც ფრჩხილის მოტეხვისთვის შესაძლოა სამყარო გადადგას და მასთან ერთად თანაარსებობს წყნარი, რაციონალური და მშვიდი არსება, რომელიც ოცნებობს მსოფლიო მშვიდობაზე. კიდევ უფრო უცნაური შეთავსებაა, ღმერთმანი.

ჩემნაირ ქალებს ბრძოლის ველზე ნაღმის შესატანად გზავნიდნენ. შესაძლოა, მაგრამ არა ამ საუკუნეში და არა ახლა.

ზოგჯერ სიკვდილის დაუძლეველი სურვილი მეპარება ხოლმე და თავს ვერაფერს ვუხერხებ. სულების გაცვლაზე ვკითხულობდი საინტერესო წიგნს, მაგრამ ამ რეალობაში ღმერთები არ მელაპარაკებიან და ვინ ამისრულებს მსგავს სურვილს?..

ესეც მოვიდა… რა გინდა?! ხომ იცი პოსტის წერისას სხვა ადამიანებზე ფიქრი არ მიყვარს! მომშორდი, მომშორდი, მომშრდი!

დილით ჩემ ფანჯარაზე ხატიპეპელა ჩამოჯდა. ნეტავ ისვენებს თუ ამასაც ჩემი არ იყოს დღეს შუსრულდა 200 წელი.
აუ, ეს კიდევ აქაა. მომშორდი-მეთქი, ვა! არა, მაინც არ მიდის. რას გადამეკიდე ერთი ვერ გავიგე!!! თან როგორ მიყურებს. არა, ტყუილი ამბავია, ეს არსად წამსვლელი აღარაა, დღეს მაინც. სიცოცხლეს არ დაგაცდიან რა!

კარგი ბატონო, მე წავალ. თქვენ დარჩით აქ!

ხო, რაც შეეხება ჩემ ხატიპეპელას, წამლის მიღების შემდეგ ღრმა ძილში წავედი და ვეღარ გავიგე მისი ლამაზი ფრთები ქარმა წაიღო თუ თავად აათამაშა.

ჩემს სახლთან ყვითელ ვარდზე ხატიპეპელა დაესვენა და მშვიდად ელოდა ბოლოჟამს. ჩამოვუჯექი ჭირისუფალი, დიდოსტატი ჭირთათმენის და მეღირსა ფორტეპიანოს მაგიური კლავიშების კეთილხმოვანება. ეს შენ გეძღვნება ხატიპეპელა, მშვიდად გადაფარფატდი განზომილებათა გზა-ჯვარედინზე და არ დამივიწყო. მე დავრჩები და მოვუსმენ ფორტეპიანოს. გამახსენდები და გამეღიმება, დამენანები იშვიათი სიდიდისა და სილამაზის გამო. სული მომათქმევინე! ხატიპეპელა გაფრინდა…
ლელა ლაშხი

C ჰეპატიტი, “ალერსიანი მკვლელი”

15 აპრილი

28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშების თანახმად მსოფლიოში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად სავარაუდოდ 4 მილიონი ახალი შემთხვევით იზრდება. საქართველოში ინფიცირებული დაახლოებით 200 ათასი ადამიანია რაც 2-ჯერ აღემატება მსოფლიოში დაშვებულ საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მკურნალობის კურსი მათგან მხოლოდ ორი ათასს (1%) აქვს გავლილი. მსოფლიოში 200 მილიონამდე ვირუსმატარებელი ადამიანია.”
ჰეპატიტი C
საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება! დაავადების გამომწვევია C ჰეპატიტის ვირუსი – HCV. იგი  სხვა ვირუსებთან შედარებით ძალიან პატარაა.  არსებობს მისი ექვსი გენოტიპი. ვირუსი ინფიცირებული სისხლის საშუალებით ხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში და შესაბამისად აღამოჩნდება ღვიძლში, სადაც იწყებს გამრავლებას. ადამიანი კი ვირუსმატარებელი ხდება ვირუსის შეჭრის დღიდან მთელი სიცოცხლე.  ორგანიზმის იმუნური სისტემა, რომელიც რეაგირებს უცხო სხეულის შეჭრაზე ამ დროს თითქმის უძლურია, რადგან ვირუსს გააჩნია ადაპტაციის უნარი. დაავადება ორგანიზმში შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს 15–25 წლის განმავლობაშიც, ამის გამო მასალერსიანი მკვლელიუწოდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ დროული სკრინინგი, ანუ აიღოთ სისხლის ანალიზი. C ჰეპატიტის დროული გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის შანსს, დაცული იქნებით თქვენც და გარშემო მყოფნიც.
~

C ჰეპატიტის გადაცემის გზები
მისით დაინფიცირება ჰაერიდან არ ხდება, ის რაღაცასთან უნდა იყოს კავშირში. თუ ვირუსმატარებელი ადამიანის ბიოლოგიური სითხეები: სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე მოხვდება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. C ჰეპატიტის სისხლით გადაცემის დროს რისკი 100%-იანია. ამიტომ საკმაოდ საშიშია არასტერილური ან უკვე ნახმარი შპრიცის გამოყენება. სარისკოა ტატუირებისა და სტომატოლოგთან ვიზიტის დროს უკვე გამოყენებული არა მხოლოდ ნემსისა და შპრიცის ხმარება, არამედ იმავე შუშიდან ამოღებული წამალი/მელანი. შემაშფოთებელი ვითარებაა საქართველოში არსებულ სალონებში, რომელთა უმრავესობაში ან საერთოდ არ ხდება მანიკურ/პედიკურისთვის საჭირო იარაღების სტელირება და ან სწორად არ იცავენ/არ იციან სტელირებისათვის საჭირო ნორმები. ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროსაც. ვირუსი ასევე შეიძლება გადაეცეს დედიდან შვილსაც ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

C ჰეპატიტი არ გადადის ინფიცირებულთან შეხების, კოცნის, ლაპარაკის გზით! 

C ჰეპატიტის სიმპტომები
ინფექცია ორგანიზმში შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ ან ქრონიკულად. მწვავეს დროს შესაძლებელია თვითგამოჯანმრთელება. შემთხვევათა დაახლოებით 70-85% გადადის ქრონიკულში. ქრონიკული C ჰეპატიტი ხანგრძლივად მიმდინარე პროცესია. შედეგად იგი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, იმუნური სისტემა კი უტევს მათ, რაც იწვევს ანთებით პროცესს, ამიტომ ორგანიზმის წინააღმდეგობა ასევე დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. თუ არ მოხდა მისი დროული გამოვლენა დროთა განმავლობაში ყალიბდება ფიბროზი. შესაბამისად, რაც უფრო ხანდაზმულია პროცესი, ფიბროზის ხარისხიც მით მეტად მაღალია, ხოლო ფიბროზი შემდეგ შესაძლოა გადაიზარდოს ციროზში ან სულაც გამოიწვიოს კიბო.

ქრონიკული C ჰეპატიტი განვითარების პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ინფიცირებულთა 70%-ში, ამიტომ ისინი არ მიმართავენ ექიმს. დროთა განმავლობაში კი უკვე ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები: კანის სიყვითლე, მადის დაქვეითება, გულისრევა, იოლად დაღლა, ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ქვედა არეში. ხელშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლის მიღება, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა და ა.შ.

პრევენცია

  • ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციები (სისხლის გადასხმა, ინექცია, სტომატოლოგიური მომსახურება) უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • სქესობრივი კავშირის დროს გამოყენეულ იქნას დამცავი საშუალებები;
  • სილამაზის სალონებში მანიკურ/პედიკურის გასაკეთებლად ვიაროთ საკუთარი იარაღებით თუ არ ვართ დარწმუნებული მათ სტერილურობაში;
  • ტატუირების დროს გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ახალი ნემსი, არამედ მელნის სხვა კოლბაც;
  • გადავიდეთ ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებიდან სხვა არასარისკო გზებზე;
  • არ გამოვიყენოთ ისეთი ნივთები, რომლებზეც შესაძლოა დარჩენილი იყოს სხვისი სისხლის ნაწილაკები, თუნდაც ნივთს ეს ვიზუალურად არ ეტყობოდეს;

С ჰეპატიტისგან თავის დასაცავად არ არსებობს არანაირი ინექცია, როგორც ეს სხვა რიგი ვირუსების შემთხვევაშია, ამიტომ ყველა საშუალებით თავი უნდა დავიცვათ ვირუსის შემოჭრამდე.


საქართველოში არსებული ვითარება და მკურნალობის შემაფერხებელი  გარემოებები
C ჰეპატიტი ჯანდაცვის სისტემაში ისევ გადაუჭრელ საკითხად რჩება. საქართველოში ვირუსით მოზრდილი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული. ეპიდემიოლოგიური კველევების თანახმად, ინფიცირებულთა შორის უმეტესობა ინტრავენური გზით ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და ისინი 68%-ს შეადგენენ. დანარჩენი წილი სისხლის დონორებზე, ტუბერკულოზით ავადმყოფებსა მოდის. ყველაზე მცირე სქესობრივი გზით ინფიცირებულები არიან, რადგან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს დაინფიცირების შანსი საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 4%.

მკურნალობას სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს, 6 თვიდან 1 წლამდე და დამოკიდებულია როგორც ვირუსის გენოტიპზე, ასევე მკურნალობის დაწყების სტადიაზე. მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ ძვირია და საქართველოში მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს
არცერთი სადაზღვევო კომპანია არ ფარავს
.   წარუმატებლობის შემთხვევაში განმეორებითი მურნალობა უშედეგოა. ინფიცირებულთა 70-85%-ში C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებს აყალიბებს. აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 10 ათას ადამიანს უტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რაც სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ასეთი ოპერაცია ხელმისაწვდომი არაა, თუმცა სპეციატისტების მტკიცებით, ჰეპატიტი C- დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ინფიცირებულთა უმეტესობას დაავადების გართულებისგან იცავს.

C ჰეპატიტთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია
სამწუხაროა დამოკიდებულება C ჰეპატიტით დაავადებულთა მიმართ, მუდმივი დამღა – “სოციალურად უპერსპექტივო.” დაავადებულთა დისკრიმინაციის მიზეზი ძირითადად საზოგადოების არაინფორმირებულობა, არაკომპეტენტურობის გამო დუმილი, ამავე მიზეზით პრობლემის იგნორირება და შიშია იმის წინაშე, რაც გაურკვეველი და ბუნდოვანია. საბოლოოდ კი ხდება მათი დისკრიმინაცია, ანუ გარიყვა. მთელ მსოფლიოში დაუშვებელია ადამიანის რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, თუმცა ზოგჯერ მათი გამოვლინება ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ხდება.

გახსოვდეთ, C ჰეპატიტი ექვემდებარება კონტროლს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ჩაიტარეთ ტესტირება საშიში შემთხვევის შემდეგ!

 

_________________________________________________________________________________

თემასთან დაკავშირებული ბმულები:

ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი
იცოდე, შეცვალე, დაიცვავი (გვერდი ფეისბუქზე)
იუტუბის არხი
პეპატიტი C – სლაიდი


ახალი აგრარული უნივერსიტეტი

4 მარ

რამდენიმე დღის წინ ბლოგერები განახლებული აგრარული უნივერსიტეტის დასათვალიერიელებლად მიგვიწვიეს. მას შემდეგ, რაც პირველი ეროვნული გამოცდების ტალღაში მოვყევი, ხოლო საგამოცდო ცენტრის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი გადანაწილებული, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი საერთოდ ამ გაურკვეველი ადგილის მიმართ, რომელსაც კიდევ შემდეგი რამდენიმე წელი სიტყვა უნივერსიტეტთანაც კი ვეღარანაირად ვაიგივებდი. როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩავლო მას შემდეგ და აქ მეორედ აღმოჩენილი სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

თავად მისი ისტორია 1929 წლიდან იწყება, როდესაც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. ამის შემდეგ მან სახელი კიდევ არაერთხელ შეიცვალა, ხოლო 2011 წლის  16 მარტს საქართველოს მთავრობისა და აიპ „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდს“ შორის  გაფორმებული „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების შესახებ“ შეთანხმებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად.

 

This slideshow requires JavaScript.

როგორც  ალბათ ფოტოკოლაჟიდან თავადვე შენიშნავდით, მას აღარაფერი აქვს საერთო იმ ძველ და გაპარტახებულ შენობასთან. გარემონტებული და კეთილმოწყობილი აუდიტორიები, ყველა საჭიროებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც თითოეულ სტუდენტს თავისი სამუშაო მაგიდა აქვს ცალკე სამუშაო ყველა პირობით, იქნება ეს უბრალო სინჯარა, მიკროსკოპი და ბაქტერიაც კი, რომლებიც ჩვენც დაგვათვალიერებინეს და ასევე ლაბორატორიაში პატარა აფეთქებაც მოგვიწყვეს. მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ძალიან საინტერესოა ასეთ გარემოში სწავლა და მუშაობა!  ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. თავად უნივერსიტეტის საგამოცდო საგამოცდო ცენტრში არის ასევე ინდივიდუალური კომპიუტერი ყველა სტუდენტისთვის და დამონტაჟებულია კამერები. იგი ასევე დახშულია ინტერნეტისგან, იქ ტელეფონიც კი ვერ იჭერს.
განახლებულ შენობაში ექსკურსიის შემდეგ ბატონ კახა ბენდუქიძესაც შევხვდით, რომელიცმაც შემდეგ უფრო დეტალურად აგვიხსნა ყველა ის ცვლილება, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელდა და სამომავლო გეგმების შესახებაც ბევრი საინტერესო რამ გვიამბო. შეიცვალა ლექტორები, სასწავლო მასალა და რაც ყველაზე მთავარია, თავად დამოკიდებულება დიპლომის მიმართ. არსებულ ფაკულტეტებს ასევე დაემატა ახლებიც და დღეისათვის  უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს 7 ფაკულტეტზე:
•    აგრონომიული
•    აგროსაინჟინრო
•    ბიზნესის ადმინისტრირების
•    ზოოტექნიკური
•    კვების პროდუქტების ტექნოლოგია
•    სავეტერინარო მედიცინა
•    სატყეო
აგრარული უნივერსიტეტი აერთიანებს  სასოფლო–სამეურნეო მიმართულების 14 სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს, მის დაქვემდებარებაშია  ამდენივე სასწავლო-საცდელი და ექსპერიმენტული  ბაზა.
უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის აგრარული მიმართულების 20-მდე უმაღლეს სასწავლებელთან და ორგანიზაციასთან, რაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს  საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია. უნივერსიტეტში ასევე ვითარდება კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროები.
სამომავლოდ კი გავიგეთ, რომ იგეგმება კიდევ ახალი ფაკულტეტების დამატებაც. რაც შეეხება აქ სწავლის საფასურს ის მხოლოდ 200 ლარით გაიზარდა და დRეისათვის შეადგგენს მხოლოდ 2450 ლარს.
ვიდეო თემაზე:

ყველაფერში თავად დასარწმუნებლად ნამდვილად გირჩევთ ეწვიოთ შემდეგში ღია კარის დღეს.

თბილისის ტაქსი

22 ნოე
საცობში შემოწერილი პოსტი

Facebook Screen

წვიმა და თბილისის საცობები. არც დემიენის ტაქსი გიშველის და მეც არ ვარ მეხუთე ელემენტი. საბედნიეროდ ნეთბუქი თან მქონდა და გავხსენი ახალი პოსტის თაბი.

რაზე დავწერო…
წვიმა, წვიმა, წვიმა… მანქანის ფანჯრებიც სველი და დაორთქლილია რომ რამე დავინახო. თან მეძინება. მე შენ გეტყვი და ამინდი არ არის საძილე ან გუშინ ადრე დავიძინებდი.

ტელეფონის ზარი
როდესაც აგვიანებ საყვარელი მელოდიაც როგორი საძულველი ხდება. არ ვიღებ…
როდესაც ტაქსში ვჯდები მძღოლს ვაფრთხილებ, რომ თუ მერე მანქანაში მობილურს აღმოაჩენენ ეკრანზე ამჯერად ფისოდ ქცეული იზმას სახით ე.ი. მე დამრჩა და დამიბრუნონ, თორემ ნომრებს ერთი შეხედვით ვიმახსოვრებ.

ციფრები, რიცხვები, ნომრები
სინამდვილეში ვიტყუები, ამასთან ძალიან დიდი პრობლემა მაქვს. ვერაფრით ვიმახსოვრებ. გაგიკვირდებათ და მათემატიკაც მიყვარს, მაგრამ რომელიმე ფორმულის გასახსენებლად ჯერ 917 ვარიანტი უნდა ჩამოვწერო და შემდეგ გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით ის 1 ავარჩიო.
აქვე ჩავაკვეხებ, რომ 11.11.11 ჩემი დაბადების დღე იყო!

არჩევანი
ვესწრებოდი მზიანი სახლის პიროვნული განვითარების ტრენინგს, სადაც გვთხოვეს დაგვეხატა საკუთარი თავი. მე დავხატე სასწორი, გაწონასწორებული სასწორი. შემდეგ ეს ნახატი უნდა აღეწერათ ტრენინგის სხვა მონაწილეებს და რა თქმა უნდა ყველამ ზოდიაქოს დაუკავშირა, მაგრამ არა, მორიელი ვარ! საბოლოოდ, როდესაც მოგვიწია ნახატი ჩვენვე აღგვეწერა, მაშინ მივხვდი, რომ სინამდვილეში დავხატე არა ის, როგორიც ვარ, არამედ – როგორიც მინდა ვიყო, რადგან:

  1.  ვცდილობ მხედავდნენ როგორც გაწონასწორებულ ადამიანს;
  2. სინამდვილეში ვარ ძალიან გაუწონასწორებელი და არასტაბილური.

ყველა ამბავი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელსაც ეცვა ძალიან უცნაური მაისურები. ერთხელ ეს გოგონა დაიკარგა ძალიან დიდ და უღრან საცობში, საიდანაც თავის დაღწევა თითქოს და შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორც ყველა ზღაპარში ხდება, მასაც მოევლინა თეთრ ტაქსში მჯდარი პრინცი, რომელმაც შემოვლითი გზები იცოდა და გოგონა დანიშნულების ადგილამდე უვნებელი მიიყვანა.
ჭირი იქა, ლხინი აქა, საცობი იქა, მარიე აქა.

Marie Skłodowska Curie

7 ნოე

Marie Curie in 1920

დღეს 7 ნოემბერია, ორშაბათი. თბილისში ნაადრევად გვერწვია პირველი თოვლი… ასევე 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე დაბადებული ყველა ბავშვი იქნება მორიელი.

მარი სკლოდოვსკა-კიური (დ. 7 ნოემბერი, 1867, ვარშავა — გ. 4 ივლისი, 1934, სანსელმო, დეპარტამენტი სავოია; დაკრძალულია სოში, პარიზის მახლობლად), ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ეროვნებით პოლონელი. ქალი, რომელსაც აღფრთოვანებაში მოვყავარ. სიამოვნებით გავივლიდი მის ცხოვრებას… მისივი სახელით…

1883 წელს დაამთავრა ვარშავის გიმნაზია, 1895 კი – პარიზის უნივერსიტეტი. ცოლად გაჰყვა პიერ კიურის და მუშაობა დაიწყო მის ლაბორატორიაში, ინდუსტრიულ ფიზიკისა და ქიმიის სკოლაში. 1903 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა“ . პ. კიურის სიკვდილის შემდეგ (1906) დაიკავა მისი კათედრა პარიზის უნივერსიტეტში. იყო ამ უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი. 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა პარიზის რადიუმის ინსტიტუტის ფიზიკა-ქიმიის განყოფილებას. აქ მასთან მუშაობდნენ თავისი ქალიშვილი ირენ ჟოლიო-კიური და ფრედერიკ ჟოლიო-კიური.

მარი სკლოდოვსკა-კიურის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს. 1898 წლის ივლისში ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტი პოლონიუმი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში — რადიუმი. 1902 წელს მარი სკლოდოვსკა-კიურიმ მიიღო რადიუმის სუფთა მარილის დეციგრამი, რამაც მას საშუალება მისცა განესაზღვრა რადიუმის ატომური მასა, დაედგინა მისი ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება, აგრეთვე მისი ადგილი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. 1910 წელს სკლოდოვსკა-კიურიმ ფრანგ ფიზიკოს ა. დებიერნთან ერთად მიიღო ლითონური რადიუმი და განმეორებით დიდი სიზუსტით განსაზღვრა მისი ატომური მასა. 1911 წელს მან პირველმა მოამზადა რადიუმის ეტალონი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთადერთი იყო. შრომები აქვს აგრეთვე რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის საკითხებზე. 1914 წელს რენტგენოლოგიურად გამოიკვლია დაჭრილები ჰოსპიტლებში, იყო პარიზის სამედიცინო აკადემიის პირველი წევრი ქალთა შორის (აირჩიეს 1922).

სოლვეის კონფერენციიდან ყველაზე ცნობილი - მეხუთე კონფერენცია, სადაც წამყვანი ფიზიკოსები განიხილავდნენ ახლად ჩამოყალიბებულ კვანტურ თეორიას. მთავარი ფიგურები გახლდნენ ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი. აინშტაინს, რომელიც გაღიზიანებული იყო ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპით, უთქვამს "ღმერთი კამათელს არ თამაშობსო", რაზეც ბორს უპასუხია: "შეწყვიტე ღმერთისთვის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოსო". ფოტო გადაღებულია კონფერენციის შემდეგ და მასზე გამოსახული 29 დამსწრე მეცნიერიდან 17 მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

სკლოდოვსკა-კიურის ორჯებ მიენიჭა ნობელის პრემია: 1903 ფიზიკაში – პიერ კიურისა და ბეკერელთან ერთად და 1911 ქიმიაში. იყო მსოფლიოს მრავალი აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1907) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926). 1923 წლიდან საპატიო დირექტორი იყო ვარშავის რადიუმის ინსტიტუტისა, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა.

უფრო დაწვრილებითი ცნობები იხილეთ ვიკიპედიაში.

%d bloggers like this: